1765012495
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
საქსტატის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ ოქტომბერში 6% შეადგინა. შესაბამისად, იანვარ-ოქტომბრის საშუალო ზრდა 7.6%-ს აღწევს. ბოლო პერიოდში ეკონომიკური აქტივობის შენელება გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენს საბაზო სცენართან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ს გაუტოლდება.
წინასწარ მონაცემებთან შედარებით, 2024 წლის ნომინალური მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებელი 1.2%-ით, 93 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 0.3 პროცენტული პუნქტით, 9.7%-მდე მოიმატა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმაც. როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ გამოსახულებაში მშპ-ის ზრდის მიზეზი საინვესტიციო მარაგების მონაცემთა გადახედვაა. სექტორულ ჭრილში, ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ვაჭრობაში, ხოლო კლება - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებსა და ხელოვნებისა და გართობის სექტორში.
რაც შეეხება ეკონომიკური აქტივობის მხრივ უახლეს ტენდენციებს, ოქტომბრის მდგომარეობით, საბანკო სესხების ზრდა წლიურად 12.8%-მდე შენელდა, რაც ძირითადად ბიზნეს სექტორის დაკრედიტების შესუსტებითაა განპირობებული. ამავდროულად, ნაერთი ბიუჯეტის სეზონურად შესწორებული კუმულატიური დეფიციტი ოქტომბრის მდგომარეობით მშპ-ის 0.4% იყო, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ფისკალურ კონსოლიდაციაზე მიუთითებს. ამ ფონზე, უახლესი ინდიკატორების თანახმად, ჯამური უნაღდო დანახარჯები ნოემბერში მცირედით კვლავ გაიზარდა, ასევე მოიმატა არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯვამაც.
პარალელურად, წლიურად 13.4%-ით გაიზარდა ოქტომბერში საქართველოში შემოსული სწრაფი ფულადი გზავნილების მოცულობა, მათ შორის, დიდი ნაწილი კვლავ ევროკავშირიდან და აშშ-დან. ამის საპირწონედ, საქონლის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა შემცირებულია. კერძოდ, ექსპორტის ზრდა ოქტომბერში წლიურად 0.4%-მდე შენელდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ფერო-შენადნობების ექსპორტის შემცირებამ შეიტანა, ხოლო იმპორტში წლიურად 3.1%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ავტომობილების იმპორტის 34.0%-იანი ვარდნით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ იმპორტის შემცირების ფონზე, 19.1%-თაა გაზრდილი ავტომობილების ექსპორტი, რის შედეგადაც, უკვე ზედიზედ ორი თვეა, საქართველო ავტომობილების წმინდა ექსპორტიორია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სავაჭრო ნაკადი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, ქვეყანაში ავტომობილების სავარაუდოდ ბოლო პერიოდში გაზრდილი მარაგის შემცირებისთანავე, მოსალოდნელია ავტომობილებით ვაჭრობის უარყოფითი ბალანსის აღდგენაც.
ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებების ჩვენი ყოველთვიური საზომი, რომელიც საქონლით ვაჭრობას, ტურიზმიდან შემოსავლებსა და ფულად გზავნილებს მოიცავს, ოქტომბერში კვლავ გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის წინმსწრებ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით, 2025 წელს საგარეო დეფიციტის შესამჩნევი შემცირებაა მოსალოდნელი.
ამ კუთხით, ბოლო ორ თვეში ავტომობილების დადებითი წმინდა ექსპორტი, რასაკვირველია, წმინდა სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი წლის განმავლობაში, ავტომობილების ვაჭრობის გამორიცხვით, შემოდინებები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.
მესამე კვარტალში წლიურად გაორმაგდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 533 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ჯამურად, ცხრა თვეში წლიური მატება 11%-ია. მესამე კვარტლის ზრდა სავალო ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტით არის განპირობებული. კერძოდ, აღნიშნულ კომპონენტში ინვესტიციები გასული წლის მესამე კვარტალში -282 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 91 მილიონი აშშ დოლარია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძირითად კომპონენტად რეინვესტიციები რჩება, რომლებმაც მესამე კვარტალში ჯამური მაჩვენებლის 64%-ს მიაღწია, ცხრა თვეში კი - 74%-ს.
წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს სავალუტო კონვერტაციებიც განაპირობებს. კერძოდ, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული დეპოზიტების ლარიზაცია და, უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს (არარეზიდენტების გამორიცხვით). შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.
დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ, ლარიზაციის გააქტიურებასთან ერთად, კვლავ აჩქარდა უცხოური ვალუტის შეძენის ოპერაციებიც. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 213 მილიონი აშშ დოლარით მეტია, მოლოდინების შესაბამისად. ჩვენი შეფასებით, მარტიდან დეკემბრის პირველი კვირის ჩათვლით სებ-ის შესყიდვები ჯამურად 2.2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი წონასწორობის მოდელის თანახმად, აშშ დოლარი/ლარის წონასწორული ნიშნული ოქტომბერში კვლავ შემცირდა და 2.61 შეადგინა, რაც ისევ ლარის ზედმეტად გაუფასურებაზე მიუთითებს. იმავე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებაც. აღნიშნული ფაქტორებისა და სებ-ის მიმდინარე პოლიტიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის უცვლელი პროგნოზით, ლარი წლის ბოლომდე, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.
მიუხედავად ამისა, საყურადღებოა, რომ ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა საშუალოვადიან პერიოდში მისი გამყარების ალბათობას ზრდის, მათ შორის პოტენციურად ინფლაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში ასევე გასათვალისწინებელია. კერძოდ, რისკის აპეტიტის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში შედარებით მეტი სესხება იყოს ოპტიმალური.
რა შეიძლება ითქვას ევროსა და აშშ დოლარზე? ამ კუთხით, თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევა ოქროზე ფასის ბოლოდროინდელი ზრდის მიზეზების შესახებ ასკვნის, რომ, მართალია, ფასების ზრდაში მოკლევადიანი ფაქტორების წვლილის უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ, როგორც იკვეთება, წამყვან როლს სტრუქტურული ფაქტორები ასრულებს. სახელდობრ, ესენია: ფისკალური პოლიტიკა, ოქროზე ინსტიტუციური მოთხოვნის ზრდა, ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაცია, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება, რისკიან და ურისკო აქტივებს შორის ტრადიციული უარყოფითი კავშირის ცვლილება. აღნიშნული ტენდენციები, საერთო ჯამში, აშშ დოლარისთვის ნეგატიურია; შესაბამისად - ევროსთვის პოზიტიური. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განახლებული რეკომენდაცია აშშ დოლარში შედარებით მეტი ვალდებულების აღებაა, ვიდრე ადრე. ამასთან, ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს.
და ბოლოს, წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს. ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007243-monthly-macro-update-georgia



