ციკოლია სუნამოების ხაზს აფართოებს - ბრენდი 2 ახალ სურნელს 2025 წელს წარადგენს

ბიზნესი 1730099319
ციკოლია

ციკოლია სუნამოების პირველი კოლექციის შექმნის შემდეგ ხაზს აფართოებს. კომპანია ამჟამად 2 სურნელზე მუშაობს. არომატები უკვე დამტკიცებულია და ახლა სუნამოების წარმოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ხაზი მკაფიოდ მამაკაცისა და ქალბატონის სუნამოებს აერთიანებს. კომპანიამ პროდუქტის შესაქმნელად ისევ ცნობილ ფრანგ პარფიუმერთან ანტუან ლისთან ითანამშრომლა.

ზვიად ციკოლიას განცხადებით, ახალი სუნამო ციკოლიას მოტივებზე შეიქნა და მისი შეფუთვა მომხმარებელს ბრენდის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, ახალი სუნამოები ლუქს კატეგორიის არის და პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ციკოლიას მოტივებზე იქნება შექმნილი თავიდან ბოლომდე. რომ შეხედავთ ბოთლს მიხვდებით, რომ ეს ციკოლიას წარმოებული პროდუქციაა და არა სხვა, რომელიმე ცნობილი ბრენდის. ეს არ იქნება ქვევრის ფორმის ბოთლი. დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით. ვფიქრობთ, რომ 8-9 თვეში გამოვა ბაზარზე. ახლა დავასრულეთ არომატების დამტკიცება. საბოლოო ვერსიები გაკეთდა. ახლა მიდის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე წარმოებაში ჩასაშვებად. 2 სახის იქნება. აღარ იქნება უნისექსი. ეს იქნება მკაფიოდ მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის განკუთვნილი. ისევ ანტუან ლისთან გავაგრძელე მუშაობა. ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო პირველი პროექტი. ძალიან მაღალი დონის პარფიუმერია. ახალი სუნამოები შედარებით დაბალ ფასიან სეგმენტზე იმუშავებს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს არომატები“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში ზვიად ციკოლია.

ციკოლია ქართულ ბაზარზე სუნამოს ხაზით 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა. ქვევრის ფორმის სუნამოების ხაზი სამ არომატს აერთიანებს. (Gold, Silver და Copper) სუნამოები 50 მლ. ქვევრის ფორმის ბოლშია მოთავსებული. მისი ღირებულება 549 ლარია. ზვიად ციკოლია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პროდუქტის მაღალი ღირებულების მიუხედავად, სუნამო ბაზარზე კარგად იყიდება.

„საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია. უმაღლეს სეგმენტში გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით. პირადად მე არ წავედი იოლი გზით და ყველაფერი უნიკალური შევქმენი. 150 წლის ფრანგულ კომპანიასთან დავდეთ ხელშეკრულება, რომ მათ ეწარმოებინათ ეს ბოთლები, რომლებიც ხელით იწარმოება. აქედან გამომდინარე, შეიქმნა უნიკალური პროდუქტი. ბაზარმა საკმაოდ კარგად მიიღო. საკმაოდ ნორმალურია სუნამოს გაყიდვები. მეტსაც გეტყვით, ნიშ-პარფიუმის თაობაზე, ძალიან კარგია. იქიდან გამომდინარე, რომ ქვევრის სერია და ინტერპრეტაცია იყო ჩემს მიერ დაწყებული, საერთოდ ამ თემაზე მუშაობა, გადავწყვიტე, რომ ბოთლი რაღაცნაირად ყოფილიყო ასოცირებული ამ სერიასთან, დიზაინის იდეასთან და აქედან გამომდინარე შეიქმნა ქვევრი. რადგან ქართულია და მინდა, რომ ყველაფერი ქართული წინა პლანზე იყოს“, - აცხადებს ზვიად ციკოლია.

ქვევრის ხაზის სუნამო დღეს მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება. ციკოლიას მისი ექსპორტზე გატანა სურს, თუმცა კომპანია აქ პრობლემას წააწყდა. კომპანია სუნამოს ონლაინ ვერ ყიდის, რადგან ამ პროდუქტის თვითმფრინავით ტრანსპორტირება კანონით აკრძალულია.

„სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან თვითმფრინავით გაგზავნის საშუალება და უფლება არ გვაქვს. მიღების და გამოწერის უფლება გვაქვს, მაგრამ გაგზავნის არა. ამის გამო, გარკვეულ წილად არაბულ ბაზარზე შეძენილი პროდუქციის თანხების უკან დაბრუნება მოგვიწია. ეს ძალიან გვაფერხებს ჩვენ იმაში, რომ ექსპორტი აქტიურად მიდიოდეს“, - აცხადებს ზვიად ციკოლია.

კომპანია შეზღუდვის მიუხედავად, სუნამოს ექსპორტზე გატანას მომავალში გეგმავს. ამ მიზნით უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.

„ჰაბს გავაკეთებთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და იქიდან გაიგზავნება, რადგან ევროპული ქვეყნიდან თვითმფრინავით გაგზავნის პრობლემა არ არის. სავარაუდოდ, საფრანგეთში გავაკეთებთ ჰაბს, რადგან იქ იწარმოება ეს სუნამო. ბევრი რამეა შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე. მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით მთელს მსოფლიოში საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მთელს ეკონომიკაზე და გეგმებზე“, - აცხადებს ჩვენთა საუბარში ზვიად ციკოლია.

კომპანია მხოლოდ სუნამოების ხაზის გაფართოებას არ გეგმავს. ახალი პროდუქცია დაემატება როგორც საათების, ასევე სათვალეებისა და ჩანთების კოლექციებს. დეტალების გამხელისგან ზვიად ციკოლიამ ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა უამრავ სიახლეს დაგვპირდა.