ადმინისტრატორი   • 1642409053

2021 წლის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა - თიბისი კაპიტალი

TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვის გამორჩეულად ძლიერი დინამიკის ფონზე, რადგან წლიური მაჩვენებლები კვლავ მაღალია და 2019 წელთან შედარებითაც ტენდენცია მზარდია.

აღსანიშნავია, რომ სრული 2021 წლისთვის, წ/წ 26.9%-იანი და წ/წ 25.1%- იანი ზრდით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებმა აშშ დოლარში 2019 წლის დონეს, შესაბამისად, 11.7%-ითა და 5.9%-ით გადააჭარბა.

დეკემბრის ვაჭრობის დეტალური და ასევე ტურიზმისა და გზავნილების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შეფასებით, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება, გზავნილები დინამიკა კი ძლიერ ტენდენციას ინარჩუნებს. მე-4 კვარტალში, წინა კვარტლის მსგავსად, საქონლით ვაჭრობის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ლარის მხრივ აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია. უფრო მეტიც, იმავე პერიოდის რეალური მშპ-ით შესწორების შემდეგ ლარის ფართო ფულის მატების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.– ნათქვამია მთავარი ეკონომისტის ანგარიშში.