ჩინური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში მეორადი ავტომობილების ვაჭრობით და არა წარმოებით - ჩინეთის ელჩი

ავტომობილები

„ამჟამად ჩინური კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოში მეორადი ავტომობილების ვაჭრობით და არა წარმოებით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ზოგიერთი ჩინური კომპანია საქართველოში მეორადი ავტომობილების e-commerce პლატფორმის შეძენის შესაძლებლობას იკვლევს.

„ბევრი ჩინური ლოჯისტიკური და e-commerce კომპანია ეწვია საქართველოს და გამოხატა ინტერესი მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. ზოგიერთი ჩინური კომპანია იკვლევს საქართველოში მეორადი ავტომობილების e-commerce პლატფორმის შეძენის შესაძლებლობას.

ჩინურ კომპანიებს სჯერათ, რომ შუა დერეფნის მშენებლობის ეტაპობრივი წინსვლითა და E60 ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის დასრულებით საქართველოს სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბების პოტენციალი გაიზრდება.

ამასთან, მათ სჯერათ, რომ მომავალში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის უპირატესობასთან ერთად, მეორადი ავტომობილების ვაჭრობისთვის მეტი პოტენციალი გაჩნდება. აღნიშნული არამარტო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ბაზრების საჭიროებას დააკმაყოფილებს“, - აცხადებს ჭოუ ციენი.

ცნობისთვის, ჩინეთი საქართველოში ავტომობილების იმპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან 27.748 მლნ დოლარის ღირებულების 1 797 ერთეული ავტომობილი შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოში ჩინეთის ელჩთან ინტერვიუს სრულ ვერსიას დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ. ელჩთან ვისაუბრეთ ანაკლიის პორტის პროექტზე, ასევე ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, შუა დერეფანსა და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ ურთიერთობებზე.