1728975070
დამბალი ხაჭოს, რაჭული ლორის, სვანური კარტოფილის წარმოებას სახელმწიფო დაეხმარება - რა წერია სტრატეგიაში
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამებში უპირატესობა მიენიჭება მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშური პროდუქციის წარმოების და მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობებს, როგორიცაა, მაგალითად: სვანური კარტოფილის, დამბალი ხაჭოს, რაჭული ლორის და სხვა სახის პროდუქციის წარმოება,“ - ამის შესახებ მთვარობის „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია, 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმაშია“ საუბარი.
დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო ხელშეწყობა ექნება ტურიზმის მიმართულებასაც, მათ შორის აგროტურიზმს, დასასვენებელ, სპორტულ-გასართობ და სარესტორნო მომსახურებას (განსაკუთრებით, ტურისტულად ნაკლებად აქტიურ დასახლებებში).
ასევე ჩამონათვალშია: რძის გადამუშავება და ყველის წარმოება; მესაქონლება და ხორცის წარმოება; მევენახეობა-მეღვინეობა ენდემური ჯიშების წარმოების კუთხით; თაფლის წარმოება/მეფუტკრეობა; სურსათის გადასამუშავებელი მრეწველობა; ბიომეურნეობა; ხილის გადამუშავება; მინერალური წყლების წარმოება; ხის მერქნის დამუშავება; ხის ავეჯის წარმოება; თევზის მრეწველობა; ადგილობრივი ბუნებრივი ქვებით, ტრადიციული სტილით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, თიხა-კერამიკის წარმოება; ტრადიციული ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთების შექმნა-რეალიზაცია; მზის პანელების წარმოება და მწვანე ეკონომიკა; მატყლის და მატყლის ნაწარმის წარმოება და სხვა.
„უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს. ამასთან, მარკეტინგის და მიწოდების ჯაჭვის ეფექტურ გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები სარგებლის მომტანი იქნება მთის მცირე ფერმერებისთვის იმ პირობებში, როცა ქალაქებში მაღალია მოთხოვნა სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, მთაში კი გამოწვევაა პროდუქციის მაღალ ფასად რეალიზაცია.
სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიცავს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ არასასოფლო-სამეურნეო პირველადი გადამუშავების წარმოებების შექმნას, ადგილობრივი, უნიკალური, ბუნებრივი პროდუქციის ბრენდირებას, მათ შორის, ეტიკეტირებას. საქართველო შემოიღებს სპეციალურ ეტიკეტირებას, რომელიც აპრობირებულია საფრანგეთის და იტალიის მთის კანონებით და რომლითაც წახალისებულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოება მათი ხარისხისა და წარმოების პოპულარობის გაზრდის მიზნით.
სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საგრანტო პროგრამებში ტურისტულ ბიზნესგეგმებს მიენიჭება გაზრდილი ქულები ისეთ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებშიც სიტუაციის ანალიზის დროს დაფიქსირდა სასტუმროებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ნაკლებობა, აგრეთვე, უპირატესობა მიენიჭება სხვა მუნიციპალიტეტების და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ტურისტულად ნაკლებად ათვისებულ დასახლებებსაც,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.