1765012495
დღეიდან, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾750,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა.
ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო და განმარტა, რომ ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.
საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ივნისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა 15.5% შეადგინა.
ბოლო მონაცემებით კი, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 64.7 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც ლარზე 57.1% მოდის, წლიურ ჭრილში კრედიტების ლარიზაცია 2.76 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.



