ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, ინფლაცია პირველი კვარტალის ბოლოდან შემცირებას დაიწყებს

ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია პირველი კვარტალის ბოლოს შემცირებას დაიწყებს და წლის დასასრულს მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

"როგორც კოვიდთან მიმართებაში ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს ეს აისახება საქართველოზეც, ანალოგიურად ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებაში გამონაკლისი საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან და მსოფლიოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ინფლაცია დაიწყებს შემცირებას პირველი კვარტალის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

2021 წელი მაღალი, ორნიშნულიანი ინფლაციით დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.