1728975070
გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი გაიზარდა - „ცუდი ამინდის ეფექტი მოსავალზე უფრო ცალსახა ხდება“
2024 წლის აგვისტოში გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი თვიურად 1%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგართის“ კვლევის თანახმად, მიუხედავად თვიური ზრდისა, ფასები წლის დასაწყისიდან 19.2%-ით არის შემცირებული.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ცუდი ამინდის ეფექტი ხორბლის მოსავალზე თანდათან უფრო ცალსახა ხდება. მაგალითისთვის, საფრანგეთი, ევროკავშირის უმსხვილესი მწარმოებელი, წელს სავარაუდოდ 26 მლნ ტონა ხორბალს აწარმოებს, რაც წლიურად 26%-იანი კლებაა.
„მოსალოდნელია, რომ საფრანგეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 2001-2002 წლების შემდეგ უმცირეს ნიშნულზე დაეცემა. ცხელმა ამინდებმა მოსავალი გააფუჭა ჩინეთის რეგიონებშიც. საპირწონედ, სხვა მწარმოებლები მეტ-ნაკლებად აბალანსებენ ბაზარს - რუსეთმა აგვისტოში 5.6 მლნ ტონა ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია,“ - ვკითხულობთ „გალთ ენდ თაგარტის“ ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ხორბლის იმპორტი წლიურად 21.6%-ით არის გაზრდილი. წელს საანგარიშო პერიოდში 32 მილიონი დოლარის ხორბალია იმპორტირებული, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 27 მილიონი დოლარის ღირებულების. ამასთან, იმპორტირებული ხორბლის მოცულობა წელს 44.4%-ით გაიზარდა, რაც მიმოხილვის თანახმად შემცირებული საშუალო საიმპორტო ფასის შემცირებით არის გამოწვეული.