"მხოლოდ რეგულაციების შერბილებით იპოთეკური სესხების გაცემას ვერ გავზრდით" - გიორგი კეპულაძე

გიორგი კეპულაძე

“საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იპოთეკური სესხის აღების გამარტივების გადაწყვეტილების შედეგად, რეგულაციები მეტწილად ემიგრანტებისთვის შერბილდა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" სტუმრობისას აღნიშნა, სებ-ის ეს გადაწყვეტილება იპოთეკური პორტფელის ზრდას ხელს შეუწყობს.

"სებ-ის მიდგომა ყოველთვის იყო საკმაოდ მკაცრი, რადგან, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მყიფე ეკონომიკა, განსაკუთრებით 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს დართული რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტორის გათვალისწინებით. ქართულმა საბანკო სექტორმა ეს კრიზისი მაშინ გადაიტანა. მას შემდეგ მიდგომა, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობასთან თუ რეგულაციებთან დაკავშირებით, იყო საკმაოდ ხისტი და კონსერვატიული, თუმცა სებ-ი ცდილობდა, რომ ზედმეტად ხელი არ შეეშალა ეკონომიკის და საბანკო პორტფელის ზრდისთვის.

ახლა კი, ბანკებს იპოთეკური სესხების უფრო მარტივად და დიდი მოცულობით გაცემის შესაძლებლობა მიეცათ, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ პორტფელი ვერ იზრდებოდა, გაყიდვები მცირდებოდა, მათ შორის ძველი ბინების შემთხვევაში. შესაბამისად, სები ცდილობს, რომ შეარბილოს რეგულაციები, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის. საქართველოში დასაქმებული ადამიანისთვის ხვალინდელი დღე და მოლოდინები გაურკვეველია, თუ ვინ როდის დარჩება უმუშევარი, ამიტომ, 10-წლიანი იპოთეკური სესხი აიღოს, ძალიან რთულია. ემიგრანტებისთვის მეტ-ნაკლებად უფრო გარკვეულია. მათთვის პირობების გამარტივება, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, პირიქით, ეს ხელს შეუწყობს იპოთეკური პორტფელის ზრდას", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ და დასძინა, რომ იპოთეკური პორტფელის ზრდის ტემპის დაჩქარებისთვის მხოლოდ დაკრედიტების რეგულაციის შერბილება არ იქნება საკმარისი, რადგან ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება არ არის.

"თუ ჩვენ გვეზრდება რისკები, მოლოდინები გაურკვეველია, მხოლოდ ამ ცვლილებით იპოთეკური პორტფელის ზრდის ტემპის აჩქარება შეუძლებელი იქნება. მარტო რეგულაციებით იპოთეკური სესხების გაცემას ვერ გავზრდით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოც იყოს შესაბამისი იმის, რომ ადამიანმა 5-10 წლიანი მომავალი დაგეგმოს. პოლიტიკურ კრიზისში ვართ და ეროვნული ბანკის და ხელისუფლების პოლიტიკა ისეთია, რომ საერთოდ არ იმჩნევენ, თითქოს არაფერი ხდება..." - ამბობს გიორგი კეპულაძე.

ცნობისთვის: იპოთეკური სესხის გაცემის გამარტივების გადაწყვეტილება სებ-მა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს მიიღო და ის იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას ისახავს მიზნად. შედეგად სესხში შესაძლებელი ხდება, პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.

bm.ge