მთლიანი საგარეო ვალი 30 სექტემბრის მდგომარეობით $21 მლრდ-ია

დოლარი - ვალუტა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით $21 მლრდ-ია (65.7 მლრდ ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 120.1%-ია.

სებ-ის მონაცემებით, მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $130.9 მლნ-ით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი $234.6 მლნ-ით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი $28.3 მლნ-ით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ-ით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალი $10.4 მლრდ-ია (32.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია $7.7 მლრდ (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 44.1%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $965.7 მლნ (3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $542.1 მლნ (1.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1%) და $1.2 მლრდ (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.9%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $4.3 მლრდ (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - $4.8 მლრდ (15 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4%) და კომპანიათაშორისმა ვალმა - $3.2 მლრდ (10 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3%). მთლიანი საგარეო ვალის 92.2% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, $12.9 მლრდ (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 73.8%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი $6.3 მლრდ (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ია.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი $275.9 მლნ-ით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი $286.3 მლნ-ით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - $10.4 მლნ-ით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა $965.7 მლნ შეადგინა. აქედან, 487 მლნ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.