ნათია თურნავა: DP World-ს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ვესაუბრეთ

შეხვედრა დუბაიში

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ლოგისტიკისა და ტრანსპორტის კომპანია DP World-ი ანაკლიის პროექტით დაინტერესდება. ნათია თურნავა განმარტავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროექტი კომპანიასთან განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის კომპანია DP World-თან განიხილა.

ნათია თურნავას თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან შეხვედრისას ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვლავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნესმიმზიდველობას.

„იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიაც, ისევე როგორც სხვა პოტენციური ინვესტორები, დაინტერესდება ანაკლიაში შემოსვლით", - აღნიშნა მინისტრმა.

„DP World - ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სატერმინალო-საპორტო მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა განვითარებაა საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით და ასევე ვესაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. DP World-მა ძალიან კარგად იცის ჩვენი შავი ზღვისპირეთი, იცის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეგიონში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შემადგენელ ნაწილს, როგორც ლოგისტიკურ პლატფორმას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

DP World მაღალი რეპუტაციის გლობალური, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წელიწადში საშუალოდ 70 მილიონამდე კონტეინერს ამუშავებენ. კომპანია ასევე ახორციელებს ლოგისტიკური და საზღვაო სერვისების მიწოდებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოპერირებას. 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 8,5 მლრდ აშშ დოლარი იყო.