ქართული ნუშის გული წელს მხოლოდ რუსეთში გავიდა - როგორია საექსპორტო ფასი

ნუში

ქართული წარმოების ნუშის გულის ექსპორტი წელს მხოლოდ რუსეთში განხორციელდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე გავიდა 1.155 მილიონი დოლარის ღირებულების 184 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუში, რომლის ერთადერთი საექსპორტო ბაზარიც წელს რუსეთი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში მხოლოდ 101.5 ათასი დოლარის 19.2 ტონა ნაჭუჭგაცლილი ნუშის ექსპორტი განხორციელდა. ამასთანავე, შარშან საანგარიშო პერიოდში ქართული ნუში გავიდა აზერბაიჯანში, ბელარუსსა და ინდოეთშიც.

ინფორმაციისთვის, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ნაჭუჭგაცლილი ნუშის ადგილობრივი ექსპორტი 680%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, შარშან ექსპორტირებული იყო 148 ათასი დოლარის ღირებულების 25.8 ტონა ნუშის გული.

„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, გასულ წელს 1 კგ. ნუშის გულის ექსპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 5.7 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ფასი 6.3 დოლარამდეა გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ნაჭუჭიან ნუშს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კანიანი ნუშის ადგილობრივი ექსპორტი არ განხორციელებულა.