ქლიავის იმპორტი შემცირდა - მთავარი საიმპორტო ქვეყანა ნიდერლანდებია

ქლიავი

საქართველოში ქლიავის იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 191 900 აშშ დოლარის 173 ტონა ქლიავი და ღოღნოშო შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ქლიავის იმპორტი 206 500 და 225 ტონა იყო.

მთავარი საიმპორტო ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 128 700 აშშ დოლარის 40 ტონა ქლიავი შემოვიდა. რაოდენობრივად კი ყველაზე მეტი ქლიავი და ღოღნოშო თურქეთიდან შემოვიტანეთ (56 200 დოლარი და 117 ტონა). მცირე რაოდენობით ამ კურკოვანი ხილის იმპორტი დაფიქსირდა ირანიდან და სომხეთიდანაც.

ცნობისთვის, ნიდერლანდები და თურქეთი ბოლო წლებში ქლიავის და ღოღნოშოს მთავარი საიმპორტო ბაზრებია.

რაც შეეხება ექსპორტს, ქლიავის ექსპორტშიც კლება ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში თითქმის 100 000 აშშ დოლარის 63 ტონა ქლიავი გავიდა საზღვარგარეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 117 800 აშშ დოლარის 94 ტონა ქლიავი გავყიდეთ უცხოურ ბაზრებზე.

საქართველოდან ქლიავი მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში გავიდა. რუსეთში 61 300 აშშ დოლარი და 47 ტონა, ხოლო სომხეთში 38 500 აშშ დოლარი და 16 ტონა.