„რაოდენობა და ხარისხი გაიზარდა“ - როგორია მოთხოვნა ქართულ ტანსაცმელზე

ტანსაცმელი

„მოთხოვნა ბაზარზე ახლა საკმაოდ არის გაზრდილი,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოთხოვნასთან ერთად გაზრდილია საქართველოში არსებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საწარმოების რაოდენობა.

„მოთხოვნა ბაზარზე ახლა საკმაოდ არის გაზრდილი. ძალიან გაიზარდა ჩვენი საწარმოების რაოდენობა და მათი ხარისხიც. ეს განპირობებულია იმით, რომ ბევრმა კვალიფიკაცია აიმაღლა და ძალიან კარგი ხარისხის ტანსაცმელს კერავენ. მოთხოვნა შიდა ბაზარზეც ძალიან გაზრდილია. რაც შეეხება ექსპორტს, მატულობს ყოველწლიურად საწარმოები, რომლებიც ექსპორტზე თავისი ნაწარმის რაოდენობას ზრდის“, - აღნიშნავს დავით ბიძინაშვილი.

ისევე როგორც სხვა სექტორებში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საწარმოებსაც კადრების დეფიციტი აქვთ. ბიძინაშვილის თქმით, ხელფასები სექტორში გაიზარდა, მაგრამ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა კვლავაც შეინიშნება. ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით ინდუსტრიაში 45-დან 50 ათას ადამიანამდე იყო დასაქმებული, მიმდინარე წელს კი კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ექსპორტი ბოლო წლებში მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული ტექსტილის მასალების და ნაწარმის ექსპორტმა 117 558 150 დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველოდან 109 400 470 დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული წარმოების ტანსაცმელი გავიდა: თურქეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, რუსეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი და ისრაელი.