რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო „პარტნიორია“ - ბრუნვა 52%-ით გაიზარდა

რუსეთი

20 იანვარს საქსტატმა 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სრული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო. 6.8%-ით, 651 მილიონ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში.

შესაბამისად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიუხედავად, საქართველომ ოკუპანტ ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გააფართოვა.

იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა იყო. თუკი 2021 წელს ქვეყანამ $135 მილიონი დოლარის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს რიცხვი 623 მილიონ დოლარამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. 21 მილიონი დოლარით, 112 მლნ-მდე არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტიც.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1️⃣ ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%

2️⃣ ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%

3️⃣ მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%

4️⃣ სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%

5️⃣ მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1️⃣ ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%

2️⃣ ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%

3️⃣ ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%

4️⃣ ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%

5️⃣ კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%