საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ეკონომიკის მინისტრი

„ექსპო 2020 დუბაის" ფარგლებში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ეკონომიკის მინისტრი დოკუმენტს მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს დასრულდება კიდეც წარმატებით.

„სამი თვის წინ ოფიციალური ვიზიტით გახლდით დუბაიში და მაშინ შედგა შეთანხმება, ძალიან სწრაფად დაგვეწყო მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სულ რაღაც სამ თვეში მოვახერხეთ და ხელი მოვაწერეთ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთანხმებას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით, პანდემიის მიუხედავად საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა ინტერესი გაცილებით დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში.

„ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, მინერალური წყლები და ბევრი სხვა პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია მივაწოდოთ ბაზარს და დიდი ინტერესი არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები არის პირველი ქვეყანა რეგიონიდან, ვინც ძალიან მალე შეუერთდება იმ 46 ქვეყანას, ვისთანაც საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ეს წაადგება ორივე ქვეყანას, ეს წაადგება ჩვენს განვითარებას, როგორც სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბის კონკრეტულად სპარსეთის ყურის რეგიონთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.