1770618436
წელს, ბათუმი სათამაშო ბიზნესიდან ₾68 მლნ-ის შემოსავალს ელოდება, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია
წელს ბათუმის მუნიციპალიტეტი სათამაშო ბიზნესიდან 68 მლნ ლარის შემოსავალს ელოდება. როგორც ქალაქის ბიუჯეტშია განსაზღვრული, 2025 წლის ბოლომდე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხა წინა წელთან შედარებით 2 მლნ ლარით ნაკლები იქნება.
აღსანიშნავია, რომ თუ ამ მხრივ გეგმა შესრულდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როცა სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი ბათუმს შეუმცირდება.
2024 წელს ქალაქმა ამ ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 70,1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წელს კი - 62 მლნ ლარი, 2022 წელს - 41,4 მლნ ლარი, 2021 წელს - 23,4 მლნ ლარი.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან აზარტული თამაშების სექტორს გადასახადი გაეზარდა. თუკი მანამდე მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით იბეგრება. ამასთან, სახელმწიფომ ასწია მოთამაშეთა ასაკი 18-დან 25 წლამდე, საჯარო სამსახურში დასაქმებულ და სოციალურად დაუცველ პირებს კი თამაშის უფლება სრულად აუკრძალა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებმა აჩვენა, რომ კერძო სექტორებს შორის, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ბრუნვით პირველ ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, ამ მაჩვენებლით მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში კაზინოს საქმიანობა ლეგალური ხდება, გაჩნდა მოლოდინი, რომ მეზობელი ქვეყნის გადაწყვეტილება საქართველოში სათამაშო ბიზნესს შემოსავლებს შეუმცირებს. კერძოდ, აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანში კაზინოების გახსნამ ქართულ სათამაშო ბიზნესს შესაძლოა 5-დან 10%-მდე შემოსავალი დააკარგვინოს.



