ადმინისტრატორი • 1640258760

"ენგურჰესის" თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურულ მარშრუტებში შეიყვანეს

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, ოფიციალურად "ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის" სერტიფიცირებული წევრი გახდა, – ინფორმაციას ენგურჰესის ღირსშესანიშნაობები ოფიციალურ FB გვერდზე ავრცელებს.  

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, პირველი ობიექტია, საქართველოდან, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.
 
შეგახსენებთ, რომ "ენგური ატრაქციამ" პროექტის "ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მსოფლიო დონის ატრაქცია" ეტაპობრივი განხორციელება დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე ქართული ინჟინრული აზრის გამორჩეულ ნაგებობაზე, ენგურჰესის კაშხალზე - პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა.
 
ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს. 
 
ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.
 
ინფორმაციისთვის, ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა). სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან - 5:00 სთ-მდე. 
 
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ტურის ბილეთების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.ტურით სარგებლობისთვის საჭიროა, ე.წ „მწვანე პასპორტი“.