დავით ნარმანია
დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე,  პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით.„სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტთან - EU4Energy-სთან ერთად უმასპინძლოს კონფერენციას მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განიხილონ ენერგოეფექტურობის საკითხები, თანამედროვე ტენდენციები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ხელი შეუწყონ ახალი მიდგომების დამკვიდრებას. საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს ენერგოეფექტურობის საკითხების სრულყოფას. მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა.მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოთხოვნები და მიდგომები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი კლიმატური პირობებიდან და პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. გათბობის სისტემებს სათბურის გაზების ემისიაში დიდი წვლილი შეაქვს. რეგულაციებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გავრცელებას გათბობის სექტორში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები. ამასთანავე,  საყურადღებოა, რომ ეფექტური გათბობის სისტემების საშუალებით  მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგიაზე გადასახადები.მარეგულირებელი ორგანოების პრეროგატივაა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდა, სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგუილრებელთა საბჭოს გენერაკურმა მდივანმა მარა ბერზინამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს  ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში  მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენცია ტარდება  ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

1713170557

გიორგი ფანგანი
„თუ ჩვენი სიმძლავრეები არ განვავითარეთ ვიქნებით დაუცველები ენერგეტიკის თვალსაზრისით“ - გიორგი ფანგანი

დღესდღეობით საქართველო თავისი ენერგო რესურსების მხოლოდ და მხოლოდ 22.5%-ს იყენებს. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IEA) შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა 300-მდე მდინარე იქნეს გამოყენებული, 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოებით. აღნიშნული გარემოების ფონზე სემეკის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მსხვილი ჰესების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია. მისივე თქმით, თუ საქართველომ ეს პოტენციალი არ აითვისა, მაშინ ენერგეტიკის თვალსაზრისით დაუცველი დარჩება.„იმ შემთხვევაში თუ არ განვავითარეთ ჩვენი ენერგო სიმძლავრეები ვიქნებით აბსოლუტურად დაუცველები ენერგეტიკული თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენერგეტიკული მდგრადობა საქართველოსი არ იქნება ჩვენზე დამოკიდებული, რაც რასაკვირველია, საფრთხის შემცველია და ეს ასე არ უნდა იყოს.სტატისტიკას რომ ჩავხედოთ ვნახავთ, რომ ადგილზე თბოსადგურების მიერ წარმოებული ენერგია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, რაც ერთი შეხედვით დადებით შეხედულებებს გვიყალიბებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს თბოსადგურებიც იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობენ. შესაბამისად, ქვეყანა მაინც დამოკიდებულია იმპორტზე. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს დიდი ჰიდრო პროექტების, როგორებიცაა ნამახვანი, ნესკრა, ჰუდონი განვითარებით. აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით მზისა და ქარის ენერგია ვერ ჩაგვინაცვლებს სრულად ჰიდრო რესურსებიდან გენერირებულ ენერგიას. ამიტომ, მსხვილი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყნის მომარაგების 68%-ზე მეტი სწორედ ჰესებიდან მოდის, ხოლო ქვეყნის შიდა გენერაციის მხრივ ჰესების წილი დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.წყარო: energynews.ge

1712827691

დავით ნარმანია
სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა. კერძოდ, საქსტატი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას უზრუნველყოფს კომისიის ინტერესების სფეროში შემავალი არსებული სტატისტიკური პროდუქტებით, ხოლო კომისია საქსტატს მიაწვდის მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ინფორმაციას.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა:„დღეს გაფორმდა მემორანდუმი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და სემეკს შორის, რომლის მიზანიცაა, როგორც სემეკის მხრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, ასევე საქსტატის მიერ სემეკის უზრუნველყოფა დამუშავებული, ახალი სტატისტიკური მონაცემებით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ენერგეტიკის სექტორში არსებული რეფორმების მიმდინარეობის ფონზე მნიშვნელოვანია უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება:„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელებისათვის, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ახალი, სანდო სტატისტიკური მონაცემების შემუშავებას. შეთანხმების შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური სემეკს დაეხმარება ენერგეტიკული პორტალის შექმნაში, სადაც განთავსდება ენერგეტიკის სექტორის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია. გარდა ამისა, მხარეები შევთანხმდით, რომ მემორანდუმის ფარგლებში არაერთ სხვა საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.მემორანდუმის თანახმად, მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შესაბამისად გათვალისწინებულია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

1712049216

ნოდარ სირბილაძე
„დღეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია სწორი ვექტორისკენ არის მიმართული“ - ნოდარ სირბილაძე

ენერგეტიკა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. ეს ის პროდუქტია, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად, უწყვეტად ვიყენებთ და  შესაბამისად მისი ფასის ცვლილებაც ჩვენს ყოფაზე მკვეთრად აისახება.უნდა აღინიშნოს, რომ  ელექტროენერგიის პოტენციალის ათვისებასა და ენერგეტიკის განვითარებას, მოსახლეობაზე როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დადებითი ეფექტი მოაქვს. ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, ენერგოუსაფრთხოების ზრდა მოჰყვება და, პარალელურად, ელექტროენერგიაზე სტაბილურ ფასს ვინარჩუნებთ. ელექტროენერგიაზე სტაბილური ფასის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ  ნებისმიერი პროდუქტისა თუ საქონლის წარმოებისთვის ელ. ენერგიაა საჭირო. მისი სტაბილური ფასი სხვადასხვა პროდუქტის სტაბილური ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში მოსახლეობის ჯიბეში არსებული ფულის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსხვავებული სურათია მაშინ, როცა ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიაზეა დამოკიდებული. ამ დროს გარე შოკებმა შესაძლოა ენერგიის ფასი გაზარდოს, რაც პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირებაში აისახება. რაც შეეხება ელექტროენერგიის წარმოების ირიბ სარგებელს, როცა ქვეყანაში ენერგიის გენერაცია იზრდება და შიდა მოთხოვნაც ელ.ენერგიაზე დაკმაყოფილებულია, ქვეყანას ეძლევა საშუალება ჭარბი ელ.ენერგია ექსპორტის სახით მეზობელ ქვეყნებში გაიტანოს და ქვეყნისთვის „ზედმეტი“ პროდუქციის გაყიდვით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს. ელ.ენერგიის ექსპორტს აქვს პოტენციალი საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედოს.არსებულ რეალობაში ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას ენერგო სექტორის განვითარების კუთხით აქვს სავსებით შეესაბამება იმ გამოწვევებს, რაც სახელმწიფოს წლების განმავლობაში დაუგროვდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია განახლებადი ენერგიის პოტენციალის სრულად ათვისებაზე, რომელიც მოიცავს როგორც მზისა და ქარის გენერაციის გაზრდას, ისე ჰესების მშენებლობის აუცილებლობის საკითხის. აქ უნდა აღინიშნოს სემეკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც როგორც დრომ აჩვენა წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, მარეგულირებელმა დანერგა ნეტო აღრიცხვის სისტემა, რომლის განვითარებისთვის სემეკმა 2023 წელს ახალი რეგულაციები აამოქმედა, რაც ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთების უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, 4%-იდან 8%-მდე გაიზარდა სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის შეზღუდვის ზედა ზღვარი. აღნიშნული ცხადია ხელს უწყობს ამ სისტემაში კიდევ უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის შემოტანასა და ენერგიის გენერაციის ზრდას.ცალკე საკითხია კონკრეტულად ჰესებთან დაკავშირებით არსებული ხედვები. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს ხედვა ჰესების კიდევ უფრო განვითარებისკენაა მიმართული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ჩვენი ენერგიის გენერაციის დიდი წილი სწორედ ჰესებიდან წარმოქმნილ ენერგიაზე მოდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას მზისა თუ ქარის ენერგია ვერ ჩაანაცვლებს. სიმართლე ისაა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფო ინტერესში შედის.კიდევ ერთი პრიორიტეტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, ეს ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხია. ამ მხრივ სემეკის პოზიცია ზუსტად ისეთია, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს. უფრო კონკრეტულად, წელს სემეკის ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა იქნება.ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები სწორი ვექტორითაა მიმართული. ასეთი პოლიტიკის სრული იმპლემეტაცია კი შესაძლებლობას მოგვცემს ენერგო პოტენციალის სრულად ათვისებას, გამომუშავებული გენერაციის მაღალ დონესა და ენერგო უსაფრთხოებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მომავალში შავი ზღვის კაბელის პროექტი საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოებული ნამატი ენერგია ევროპაშიც გავიტანოთ და დამატებითი ეკონომიკური სარგებელი ვნახოთ. ამისთვის კი უფრო და უფრო მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა საჭირო, რაც ემთხვევა თუნდაც სემეკის ხედვებს.წყარო: energynews.ge

1710765300

დავით ნარმანია
დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება - დავით ნარმანია

„დედაქალაქში ყველაზე ხშირად ავარიები წყალმომარაგების სექტორში ხდება, ხოლო რეგიონებში ელ.ენერგიის გამანაწილებელ ქსელში“, - ამის შესახებ „სემეკის” თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.მისივე ინფორმაციით, კომპანია  Aqualia-მ, რომელმაც GWP მნიშვნელოვანი წილი იყიდა, აქტიური ინვესტირება დაიწყო. გარდა ამისა, „სემეკმა“ გასულ წელს „ენერგო-პროს“ საინვესტიციო პაკეტი გაუზარდა, რაც ქმნის მოლოდინს, რომ მომავალში ავარიების რიცხვი შემცირდება.„მომხმარებელთა ცნობიერების დონე იზრდება.იმ შემთხვევაში თუ ხდება მათი უფლებების დარღვევა მომხმარებლებმა იციან, რომ უნდა მომართონ სემეკს. ჩვენ საშუალოდ 1500-2000 განცხადებას განვიხილავთ წლის განმავლობაში, სადაც მომხმარებლები უჩივიან ან არასწორ დარიცხვას, ან მომსახურების მიწოდების ხშირ წყვეტებს. ეს არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან. რა თქმა უნდა გამოვითხოვთ ინფორმაციას კომუნალური კომპანიებიდან და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას.გასულ წელს არასწორად ან ზედმეტად დარიცხული გადასახადების სახით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარი დავუბრუნეთ სხვადასხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს”, - განაცხადა ნარმანიამ.

1710763872

სალომე ჯანელიძე
„სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი“ - რა საერთაშორისო მიღწევები აქვს ორგანიზაციას

„სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი, რომელსაც შეუძლია თავისი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს”, - ამის შესახებ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა სალომე ჯანელიძემ Energynews-თან საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, სემეკი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც საერთაშორისო დონეზე მარეგულირებლებისთვისაა დადგენილი. გარდა ამისა, სალომე ჯანელიძე აღნიშნავს, რომ სემეკი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი, ხოლო მარეგულირებლის თანამშრომლები ხშირად სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თავად უტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით.„სემეკზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში ერთ-ერთი მოწინავე მაღალი დონის მარეგულირებელია, რადგან იგი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც მარეგლირებლისთვისაა დადგენილი. სემეკს დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. ამ მხრივ ვგულისხმობ ფინანსურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა,  ფუნქციები, რაც მარეგულირებელს აქვს ევროპულ პრაქტიკაში ეს ყველაფერი ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში გვაქვს გადმოტანილი.მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა მარეგულირებლების მიმართ არის, რომ უნდა ჰქონდეს აღსრულების ეფექტური მექანიზმები და უნდა შეეძლოს ეფექტური ჯარიმების დაკისრება. ახალი კანონმდებლობით, რაც ჩვენ მივიღეთ,ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შემდგომ პრაქტიკულად ყველა ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. უნდა შევეხოთ თანამშრომლების ნაწილსაც. საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სემეკს ჰყავს დატრენინგებული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებიც, რაც რასაკვირველია, ჩვენს საერთაშორისო იმიჯზეც დადებითად აისახება“, - აცხადებს სალომე ჯანელიძეთანმშრომლებზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო პროექტებში?„სემეკის თანამშრომლები ძალიან ხშირად თავად უტარებენ ტრენინგებს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მარეგულირებლებს. ცხადია, ეს მიუთითებს, რომ სემეკში პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ. გარდა ამისა, როდესაც ტარდება საერთაშორისო კონფერენციები სპიკერებათაც ხშირად არიან სემეკის წარმომადგენლები, მიწვეულნი არიან როგორც კომისიის, ისე აპარატის წევრები. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლები ერთ დღეში არ დატრენინგებულან, ამისთვის საჭირო იყო რამდენიმე წელი. ჩვენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამებსაც ვახორციელებდით, რათა მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო გაზრდილიყო. ზუსტად აქედან გამომდინარე მოხდა ჯერ თეორიული ცოდნის დაგროვება, რომელიც  შემდგომში სემეკის ყოველდღიურ პრაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით დაინერგა“.რა წარმატებები აქვს სემეკს საერთაშორისო დონეზე?„მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის შემდგომი კონფერენცია საქართველოში ჩატარდება და მას სემეკი უმასპინძლებს. ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი აღიარება და დაფასება, რომ საქართველოში მარეგულირებელი კომისია არის მსოფლიო დონის. გარდა ამისა,  ჩვენი თანამშრომლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებში, როგორც თავმჯდომარის, ისე თანათავმჯდომარისპოზიციებზე. ისინი მუშაობენ და ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს. ასევე მოგეხსენებათ, რომ სემეკის ერთ-ერთი თანამშრომელი მაია მელიქიძე იყო „ერას“ თავმჯდომარე. გარდა ამისა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი იყო ენერგეტიკული საზოგადოების მარეგულირებელი საბჭოს პირველი ქართველი პრეზიდენტი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებას ჰყავს სამუშაო ჯგუფები, სადაც ასევე ჩვენი თანამშრომლები ხელმძღვანელ პოზიციებზე არიან წარმოდგენილნი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სემეკი წარმატებული და დაფასებული ორგანიზაციაა საერთაშორისო გადმოსახედიდან.თავად სემეკი საერთაშორისო პროექტებში რამდენად აქტიურადაა ჩართული?„საერთაშორისო თანამშრომლობები ჩვენ ძალიან აქტიურად გვაქვს, კერძოდ, ხშირად ხდება სხვადასხვა მარეგულირებელთან ე.წ დაძმობილების პროექტი, მათ შორისაა ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის მარეგულირებლები,რომლებთან ერთადაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით იმისათვის, რათა მათი პრაქტიკა  გაგვეზიარებინა. გარდა ამისა, სემეკი აშშ-ს სხვადასხვა შტატის მარეგულირებელთანაც აქტიურად თანამშრომლობდა, რომლის ფარგლებშიც ვაგზავნიდით თანამშრომლებს და ისინი ეცნობოდნენ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ მაგალითებს. შემდგომში კი ამ გამოცდილების ჩვენს რეალობაში დანერგვა ხდებოდა. ამასთან, სემეკს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, სადაც ისინი ეცნობიან მარეგულირებლის გამოცდილებებს სხვადასხვა კუთხით. ეს ყველაფერი  იმაზე მიუთითებს, რომ სემეკი არის მსოფლიო დონის მარეგულირებელი, რომელსაც შეუძლია თავისი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროს”, - აცხადებს სალომე ჯანელიძე.წყარო: energynews.ge

1709634161

საწვავი
„2024 წლის განმავლობაში, 1 ბარელი ნავთობის ფასი 80-85 დოლარის ფარგლებში იქნება“

ქართული ბაზარი საწვავის გაძვირების მოლოდინშია. 1-ელი მარტიდან, რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს. რუსული გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. რუსული მედიის ცნობით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი რუსეთში, გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.ამ ფაქტს, ცხადია, ეხმაურებიან საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში და ამბობენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, საქართველოსთვის ნავთობის მთავარი იმპორტიორი ქვეყნის მხრიდან, ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა, გარკვეულ გავლენას იქონიებს ბენზინის ფასებზე, რადგან ქვეყანას საწვავის შემოტანა სრულად ევროპული სახელმწიფოებიდან - კერძოდ ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან და რუმინეთიდან მოუწევს. განიხილება ბენზინის იმპორტი ბელარუსიდანაც.ვახტანგ იობაშვილის თქმით, რუსეთიდან და ევროპული სახელმწიფოებიდან ნაყიდ საწვავის ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის, თუმცა, ევროპული სახელმწიფოების მდებარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირება უფრო რთული და ძვირია, რაც აისახება ბენზინის ღირებულებაზე.„რუსეთი არის ძალიან არასანდო პარტნიორი. მსგავსი შემთხვევა რუსეთთან მიმართებით ახლო წარსულშიც იყო, მაგალითად - გასულ წელს და მაშინ ადგილობრივმა კომპანიებმა გადაწყობა სხვა ბაზრებზე მარტივად შეძლეს. შესაბამისად, საქართველოს საწვავის დეფიციტი არც ახლა ემუქრება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს უჭირს თქმა, რამდენი თეთრით გაძვირდება ბენზინი, თუმცა, ფიქრობს რომ ცვლილება მკვეთრი არ იქნება.რაც შეეხება საერთაშორისო სანავთობო ბირჟებს, წამყვანი საინვესტიციო ბანკების პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში, ნავთობის ფასი 80-85 დოლარის ფარგლებში იქნება. თუ ამ სექტორში გასულ წელს ფასების მნიშვნელოვანი რყევები შეინიშნებოდა, რაც როგორც მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ასევე გაზრდილ მოთხოვნას და ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, ახლა შედარებით სტაბილური ვითარებაა. დარგის ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი, ასევე ომი ახლო აღმოსავლეთში, ჯერჯერობით, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი, იმავე ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც 2023 წლის ბოლოს იყო. ფასების შენარჩუნების მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის იმას, რომ ოპეკის არა წევრ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში გაიზარდა ნავთობის წარმოება, შესაბამისად მიწოდებაც, რამაც დააბალანსა საწვავის საერთაშორისო ფასი. თუმცა, ანალიტიკოსებს მაინც უჭირთ პროგნოზის გაკეთება, რადგან ფიქრობენ, რომ მთელ მსოფლიოში საბაზრო რყევები კვლავ ექსტრემალურად მაღალია, გარდა ამისა, წელს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საარჩევნო წელია, რასაც ასევე აქვს ხოლმე გავლენა სანავთობო ბირჟებზე.დღეისათვის, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 83 დოლარს შეადგენს.

1709197813

ელექტრო ნათება
იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა 15.5 თეთრი შეადგინა, დერეგულირებული ელექტროსადგურების ფასმა კი - 18.5

2024 წლის იანვარში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 396 344 163.3 კვტ.სთ შეადგინა, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 30.3% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 61 522 478.4 ლარი შეადგინა.აქედან, პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია 70%-ია, 30% კი საბალანსო ელექტროენერგია.იანვარში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.5224888 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.581 თეთრი.აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ესკო-ს მიერ შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიისგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან მოცულობაში ჰიდროელექტროსადგურების წილი 29% იყო, ქარის ელექტროსადგურის - 1%, თბოელექტროსადგურის - 66%, ხოლო იმპორტის წილი - 4%.საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველების წილი ასე გამოიყურება: 66% თბოელექტროსადგური, 29% ჰიდროელექტროსადგური, 4% იმპორტი, 1% ქარის ელექტროსადგური,2024 წლის იანვარში, ესკო-დან პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესყიდულმა საბალანსო ელექტროენერგიის წილმა მთლიან საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 1.4% შეადგინა. აგრეთვე, იანვრის თვეში, გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის მიზნით, საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომლის წილმაც საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაში 5.1% შეადგინა.იანვარში გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის მთლიანი ღირებულება იყო 15 933 892.00 ლარი.

1708687664

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია
ელექტროენერგიაზე შემცირებულ ტარიფებს დაახლოებით 3 წლით შევინარჩუნებთ - დავით ნარმანია

რა პროექტებზე მუშაობს სემეკი და როგორია დავით ნარმანიას სამომავლო გეგმები. დეტალებზე სემეკის თავმჯდომარემ გიორგი აბაშიშვილის „სხვა ინტერვიუში“ ისაუბრა.- როგორც ცნობილია 2026 წელს საქართველოში ენერგეტიკული ფორუმი ჩატარდება, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს. ასეთი მაღალი დონის შეხვედრა ენერგეტიკის კუთხით ქვეყანაში არ მახსენდება... ამიტომ მაინტერესებს, რა დატვირთვა აქვს აღნიშნულ ფორუმს როგორც სემეკისთვის, ასევე საქართველოსთვის? და ზოგადად, რას ველით ამ ფორუმიდან და რა იქნება მთავარი თემები საქართველოსთვის?- სემეკისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით იმისათვის, რომ ეს სტატუსი მიგვეღო და ამ ღონისძიების ჩატარების უფლებამოსილება მოგვეპოვებინა. ეს არის მსოფლიოს ენერგეტიკის მარეგულირებელთა ფორუმი, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ტარდება და იკრიბება პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც კი ენერგეტიკა რეგულირდება. შესაბამისად, ასეთი დონის ღონისძიებაში 150-ზე მეტი ქვეყანა და 1000-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანიზაციები, ასევე მსხვილი ენერგეტიკული საინვესტიციო ჯგუფები. ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენი ქვეყნის როგორც ენერგეტიკული ჰაბის, მწვანე ენერგიის მწარმოებლის პოპულარიზაციისთვის, მეორეს მხრივ ინვესტიციების მოსაზიდად, რაც ენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ფორუმის ჩატარებას ანდობენ ქვეყანას, სადაც ენერგეტიკა განვითარებულია და სადაც მარეგულირებელი კომისია როგორც წესი დგას მოწოდების სიმაღლეზე.როგორ მიიღება გადაწყვეტილება და როგორ მოგვენიჭა ჩვენ ეს სტატუსი: როგორც ვთქვი 2 წელზე მეტი ხსნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხზე, გადაწყვეტილება მიიღება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონული მარეგულირებელი გაერთიანებების ერთობლივი გადაწყვეტილებით კონფედერაციაზე და შესაბამისად ბოლო ფორუმი, როცა გაიმართა პერუში, სწორედ იქ იყო მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება. ფორუმი საქართველოში 2026 წელს ჩატარდება თუმცა კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი და ჩვენც დავიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს: თავისი დღის წესრიგით, თავისი პროტოკოლური საკითხებით და ასე შემდეგ.მნიშვნელოვანი სამი მიმართულება იქნება, პირველი ეს იქნება განახლებადი ენერგია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რომელზედაც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციები გაკეთდება.ასევე აქცენტი იქნება ინოვაციებზე, ინოვაციური მართვის საკითხები, როგორც წესი არის ყოველთვის აქტუალური და ენერგეტიკა, როგორც უმნიშვნელოვანესი სექტორი, ხშირად არის კიბერშეტევის ობიექტი.შესაბამისად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ფორუმზე. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვენიჭა ამ ფორუმის ჩატარების უფლებამოსილება.სხვათაშორის ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა ადრე არასოდეს არ ჩატარებულა ასეთი ფორუმი. ტარდებოდა აშშ-ში, კანადაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ასე შემდეგ. ეს არის ერთის მხრივ მნიშვნელოვანი პატივი და გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიებას საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარებთ. მით უმეტეს, რომ გვაქვს სხვადასხვა რეგიონული ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება, როგორც სემეკს, ასევე მეც პირადად. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ღონისძიებას ჩავატარებთ ისეთ დონეზე, რომ შემდეგ ეს იქნება სამიზნე მაჩვენებელი სხვა ფორუმებისთვის.- რამდენად აქტიურად აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი ფორუმის საქმიანობაში?- ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე თავისთავად იქნება კერძო სექტორი. მარეგულირებელი სექტორს არეგულირებს, რომ სწორი ბალანსი იყოს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის.  ამ შემთხვევაში მიმწოდებლები ენერგიისა, მისი მწარმოებლები სწორედ კერძო სექტორია, ისევე, როგორც მომხმარებლების გარკვეული ნაწილიც კერძო სექტორია. აქედან გამომდინარე, კერძო სექტორი და ჩვენთან არსებული საინვესტიციო ჯგუფები ჩართულები იქნებიან ამ ღონისძიებაში. შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს უნდოდეს კიდეც, რომ იყოს ღონისძიების მთავარი სპონსორი, თანამონაწილე, ორგანიზატორი. ესეც დასაშვები და მისაღებია. ისევე, როგორც ერთი, ორი წარმატებული ქეისის პრეზენტაცია გაკეთდეს ქართული საინვესტიციო ჯგუფების მიერ. ასე, რომ ეს პრაქტიკული ნაწილი ამ რეგულირების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს კიდევ უფრო მეტად შეავსებს და ფორუმს მეტად საინტერესოს გახდის. ასევე, ეს ფორუმი იქნება საშუალება, სხვადასხვა ქვეყნებს შორის ბიზნესჯგუფების კოლაბორაციისთვის.- სემეკი გეგმავს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას მომსახურების სფეროში, რას გაამარტივებს AI და როგორი იქნება ენერგეტიკის ყველა სფეროში მისი დანერგვის პერიოდი?- ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი მოსაზრებით და ჩვენი გადმოსახედიდან, მომხმარებლებთან ურთიერთობა უნდა გაამარტივოს და შესაბამისად, უნდა გაუმარტივოს კომუნალური სერვისების მიღების პროცესი.ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს საინფორმაციო ველში, ცხელ ხაზებში, სადაც პერიოდულად არის გადატვირთულობა. როცა პირობითად კომუნალური მომსახურების წყვეტაა, ტრანსფორმატორს აქვს ზიანი ან ვთქვათ წყალმომარაგების ქსელი გამოვიდა მწყობრიდან ერთი უბნიდან ყველა ერთდროულად რეკავს ცხელ ხაზზე. ამიტომ ცხელი ხაზი ასეთ დროს არის გადატვირთული.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს გამოყენებული სწორედ ასეთ პერიოდში ცხელ ხაზებში, სადაც მომხმარებლის დარეკვის შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად გასცემს პასუხს, თუ რა ავარიაა და როდის იქნება აღმოფხვრილი. ჯერ დავიწყებთ ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ სადაც მისი გამოყენება გაამარტივებს ურთიერთობას და ადამიანის რთულ შრომას ჩაანაცვლებს მოხდეს ეტაპობრივად ჩანაცვლება. ამიტომ პირველი ეტაპისთვის ჩვენ ავიღეთ მსხვილი კომუნალური კომპანიები, როგორებიც არის GWP, თელასი, ენერგო პრო, გაზის კომპანიები და სხვა. საწყისი ეტაპი უკვე მიმდინარეობს ანუ უკვე ხელოვნური ინტელექტისთვის სწავლება, რომელიც მან შემდგომ პრაქტიკაში უნდა განაზოგადოს და მომხმარებლებს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება და მართლაც გაამარტივებს ურთიერთობებს კომუნალურ კომპანიებთან. ავარიის დროს ოპერატორი შეიყვანს მონაცემებს და შემდგომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე უპასუხებს ყველას, ვინც აღნიშნულ საკითხზე დარეკავს.- როგორ მიმდინარეობს რეფორმა ენერგეტიკულ ბაზრებზე და კიდევ რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით?- არსებობს ერთი ასეთი ქართული გამოთქმა „იჩქარე ნელა“. ანუ საკმაოდ გეგმაზომიერად მივდივართ ენერგეტიკის სექტორში რეფორმების კუთხით. ძალიან სწრაფად ამ ყველაფრის გაკეთება არ გამოვა, იმიტომ, რომ პირველად ხორციელდება ჩვენთან ასეთი რეფორმა.გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი რეფორმის დროს ვსწავლობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას, მერე უკვე ჩვენს რეალობასა და ამოცანებს ვარგებთ ამ ყველაფერს. სწორედ ასე მუშავდება ახალი მარეგულირებელი ნორმები და აქტები, რომელიც კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა. 2019 წლის ბოლოს მიღებული იყო ახალი კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ და ამის შემდეგ სემეკმა 30-ზე მეტი ახალი რეგულაცია შეიმუშავა და დანერგა. მათ შორის აბსოლუტური უმეტესობა არის სრულიად ახალი რეგულაციები, ახალი მიდგომები. მაგალითად, არ არსებობდა ბაზრის მონიტორინგის წესი და საკმაოდ დიდი დოკუმენტი შეიქმნა და არაერთი ასეთი რეგულაცია იქნა მიღებული.მთავარი არის ის, რომ ველოდებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში მთავრობის გადაწყვეტილებას ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა მოხდება მაშინ როდესაც გეოპოლიტიკური რისკები იქნება განეიტრალებული, შემცირებული. ვინაიდან სარისკო პირობებში როცა ენერგიაზე ჩვენს რეგიონში მაღალი ფასებია, ბაზრის გახსნა ავტომატურად გამოიწვევს ჩვენთან ელექტროენერგიის ფასის გაზრდას. ჩვენ პირიქით გავაკეთეთ ახლა, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური რისკები გარკვეულწილად იყო გადაზღვეული და მეორეს მხრივ გვქონდა კარგი ჰიდროლოგია, ამან ყველაფერმა საშუალება მოგვცა, რომ ელექტროენერგიის ტარიფები შეგვემცირებინა. პირველად გაკეთდა ასეთი მასშტაბური გადაანგარიშება, როცა დედაქალაქშიც და რეგიონშიც ყველა მომხმარებლის ტარიფი  შეუმცირდა.- ნაკლებად მახსენდება სემეკისგან ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება?- ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რასაც მინდა რომ ხაზი გავუსვა, როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური, სამართლიანობის თვალსაზრისით. რეალურად ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მოგვცა კარგმა ჰიდროლოგიამ, ანუ უფრო უხვმა ნალექებმა და ჰიდროელექტროსადგურების მიერ მეტი ენერგიის გამომუშავებამ, ვიდრე თავის დროზე გვქონდა პროგნოზირებული. განსაკუთრებით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული იყო გაცილებით მეტი ენერგია და თან იცით, რომ ენგურჰესის ტარიფს ვადგენთ ჩვენ, მარეგულირებელი კომისია და ის არის ყველა სხვა ჰიდროელექტრო სადგურზე დაბალი.შესაბამისად, დაბალი ფასით წარმოებული გაზრდი ენელექტროენერგიის მოცულობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეგვემცირებინა ტარიფები. თან ენგურჰესზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტი განხორციელდა და ენგურჰესი და მისი გვირაბი გარემონტა. დანაკარგები შემცირდა და ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით გადაწყვეტილება ტარიფის 3 თეთრით შემცირებასთან დაკავშირებით იყო მიღებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგნოზით დაახლოებით 3 წლით შევინარჩუნებთ არსებულ ტარიფებს. ანუ ამ შემცირებული ტარიფებით იოპერირებენ კომპანიები 3 წლის განმავლობაში.- აი რატომ გვჭირდება მეტი ჰესი...- დიახ სწორედ იმიტომ გვჭირდება მეტი ჰესი, რომ ერთის მხრივ განახლებადი ენერგიაა, ანუ მწვანე ენერგიაა. და მეორეს მხრივ ჰესები განსაკუთრებით ე.წ. კაშხლიანი ჰესები, რომლებსაც შეუძლია რეგულირება ანუ წყლის დაგროვება, როცა დეფიციტი გაქვს სისტემაში ამ პერიოდში არა იმპორტი, არამედ ამ შენი დაგროვებული წლით ენერგიის გამომუშავება- რა პოტენციალია განახლებადი ენერგიების კუთხით და რა პოლიტიკა აქვს სემეკს?- განახლებადი ენერგიების განვითარება ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს წერია სტრატეგიულ დოკუმენტებში, გადაწყვეტილებებშიც და მთავრობის მიერ მიღებული ახალი წესი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან დაკავშირებით არის სწორედ ამაზე ორიენტირებული. ისევე როგორც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მიკრო სიმძლავრის, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღო.სემეკმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება და 100 კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზარდა განახლებადი ენერგიის ქსელში პირდაპირ, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მზის პანელების, ქარის მიკრო სადგურის, წყლის მიკრო სადგურების დადგმული სიმძლავრე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მხრიდან და დღეის მდგომარეობით 65 მგვტ-ზე მეტი ასეთი განახლებადი ენერგიაა სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დადგმული და 1000 ერთეულზე მეტი ასეთი მიკრო ობიექტებია მზის პანელების სისტემის თუ მიკრო ჰიდრო სადგურების სახით ქვეყანაში შექმნილი. ანუ 65 მგვტ დამატებითი ენერგიის წყარო გაჩნდა.ჩვენს მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით მომხმარებლები გამომუშავებულ ენერგიას თვითონვე მოიხმარენ და ჭარბი გამომუშავების შემთხვევაში ჩვენს მიერ დადგენილი წესებით წელიწადში ერთხელ, 1-ელი მაისისთვის მოახდენენ ანგარიშსწორებას. ანუ ისინი მიიღებენ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით შემოსავალს.კიდევ მნიშვნელოვანი თემა, რაც კეთდება ეს არის ახლახან დასრულდა მეორე აუქციონი, რომლის ფარგლებშიც მთავრობამ მიიღო საინვესტიციო პროექტები, განახლებად ენერგიებზე, როგორიცაა ქარის ენერგია, მზის ენერგია და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროები. ამით კიდევ უფრო მეტი განახლებადი ენერგია შეიქმნება.გასული წლის მაჩვენებლები, რომ შევადაროთ ჩვენთან მოხმარებული ენერგიის 75%-ი არის განახლებადი ენერგია. ეს არის ძირითადად ჰიდრო, ქარის ენერგია, წამოვიდა მზის ენერგიის პროექტებიც და ეტაპობრივად ეს მაჩვენებელიც უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ გაქვს გარკვეული ვალდებულებები მათ შორის ევროკავშირის წინაშე, რომ განახლებადი ენერგიების წილი უნდა გაიზარდოს, ემისიები შემცირდეს და ასე შემდეგ. ასევე არის მერების შეთანხმება, რომელსაც თბილისი შეუერთდა და ეტაპობრივად ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლა უნდა მოხდეს. ელექტრომობილების გამოყენება უფრო ფართო ხასიათს იძენს და ამიტომაც გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. რაც მეტი ელექტრომობილი შემოვა ჩვენს ქვეყანაში მით უფრო გაიზრდება მავნე ენერგიაზე მოთხოვნა.ჩვენს გარდაბანში გვაქვს რამდენიმე თბოსადგური, საიდანაც ნაწილი კერძოა, ნაწილი სახელმწიფოს კუთვნილებაა, რომლებიც მუშაობენ გაზზე და არ არიან მწვანე ენერგიის მწარმოებლები, მაგრამ ძირითადად ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არიან გარანტირებული სიმძლავრის წყაროები. ამიტომ, როცა ენერგიის დეფიციტი ჩნდება მოკლევადიან პერიოდში მუშაობენ მეტად, ან ძვირიან იმპორტს ანაცვლებენ შედარებით დაბალფასიანი ენერგიის წარმოებით. გარკვეული მარეგულირებელი ფუნქცია გააჩნიათ მათ.- წყალმომარაგების სექტორში რა ხდება, რა ინვესტიციებია სემკთან შეთანხმებული და რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?- მარეგულირებელმა კომისიამ თავის დროზე, როდესაც „აქვალია“ შემოდიოდა GWP-ში და იყიდა კომპანიის 80%-იანი წილი, ჩვენს მიერ გაიცა თანხმობა. იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობით, მარეგულირებელ კომისიასთან საჭიროებს ეს საკითხი. ჩვენ კომპანია „აქვალიას“ ვუყურებთ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გრძელვადიანი ამოცანა აქვს. მისი ამოცანა კი არის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს წყალმომარაგების სექტორში და უკეთ გაიმართოს წლის მიწოდების სისტემა, შემცირდეს ავარიები და საბოლოო ჯამში მომხმარებელი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი. ამ თვალსაზრისით რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მათ გასული წლის ბოლოს მოიტანეს საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომისიამ დეტალურად განიხილა.ჩვენთან არსებული საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმების ქვეშ გავატარეთ ეს პროექტები. 600 მლნ-ზე მეტი იყო მოტანილი პროექტების საინვესტიციო ღირებულება, საბოლოო ჯამში 364 მლნ-მდე შევითანხმეთ თბილისის, რუსთავის და მცხეთის მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც კომპანია ოპერირებს.ასევე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაცემული რეკომენდაციით, თბილისის წყალი და რუსთავის წყალი გაერთიანდა და დღეს GWP ოპერირებს სამივე მუნიციპალიტეტში. ამით ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა მოხდება, მეორეს მხრივ მმართველობითი ეფექტიანობა გაიზრდება. ამიტომ 1-ელი იანვრიდან ერთი კომპანია ოპერირებს. ჩვენ მათ ახალი ტარიფი დავუდგინეთ. ტარიფის ზრდა შეეხო ამ ეტაპისთვის, მხოლოდ, კომერციულ სექტორს და 3 წლის განმავლობაში აქაც წყალმომარაგების ტარიფები იქნება უცვლელი. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებულმა პროექტებმა უნდა შეამციროს ავარიები. ანუ სადაც მასშტაბური, ხშირი ავარიებია და მომხმარებელს ხშირად წყალმომარაგება უწყდება იქ უნდა გამოიცვალოს წყალმომარაგების სისტემები, უნდა გაუმჯობესდეს სატუმბი სადგურები, სადაც წნევის პრობლემებია და არ მიეწოდება მომხმარებელს საკმარისი წნევით წყალი იქ უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკური რეგულირება და მოიმატებს წნევები. არის ასევე ცალკეული სატუმბი სადგურები გასაკეთებელი. ამ ყველაფერს მოემსახურება ის ინვესტიციები, რომელიც ჩვენ შევითანხმეთ.სემეკის არამხოლოდ ინვესტიციებს ითანხმებს, არამედ შემდეგ ახორციელებს ამ ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების მონიტორინგს. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, ერთ-ერთა მათ შორის თბილისში გახოკიძის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვლება წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები. რადგანაც ძალიან ხშირია აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიები და როდესაც იქ ავარიებია მთელი მიკრორაიონები ითიშება. კომპანიას ტექნიკური პროექტი უკვე მზად აქვს, რომ სამუშაოები მალე დაიწყოს და პრობლემა მოგვარდეს. „აქვალიას“ 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირების გამოცდილება აქვს და არიან სტრატეგიული ხედვით, სწორი ხედვით განვითარებასთან დაკავშირებით. რა პრობლემები არსებობს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ, იმიტომ,რომ მარეგულირებელს პულსზე უდევს ხელი. იგივე ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ კომპანიას ართმევს ფულს და უბრუნებს მომხმარებელს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რადგანაც ჩვენ გაქვს 2 კომპონენტიანი ტარიფი. ტარიფი, რომელსაც ვადგენთ შედგება წყალმომარაგების და კანალიზაციის ტარიფისგან და შესაბამისად არის ცალკეული უბნები, სადაც ჯერ არ არის განვითარებული საკანალიზაციო ქსელი და შესაბამის მომსახურებას არ ეწევა და დარიცხვას ახორციელებდა სრული ტარიფით.ამიტომაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომპანია დაჯარიმდა და  6 მლნ ლარზე მეტს მომხმარებელს უკან დაუბრუნებს. შესაბამისად ახლა ხდება ამ ბაზების დალაგება/მოწესრიგება. უფრო სწორედ მომხმარებელს ეს თანხა ბალანსზე დაუჯდება და მოხდება შემდეგ გამოქვითვა.- მინდა გკითხოთ სემეკის შენობის შეძენაზე, რასაც ოპონენტების მხრიდან გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა. დამოუკიდებელ სტრუქტურას კარგია რომ ჰქონდეს საკუთარი ოფისი და მასში არ უწევდეს ქრის გადახდა, რაც საბოლოო ჯამში ალბათ შენობის ღირებულებაზე მეტიც გამოვა. როდის მოახდინეთ მისი შეძენა და რა იცვლება ამით სემეკის ცხოვრებაში?- შენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დღეს კომისიას გააჩნია საკუთრებაში არსებული ფართი. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში სემეკი და რამდენიმე ადმინისტრაციული დაწესებულება გადაიყვანეს ქუთაისში. შესაბამისად, როცა სემეკი მუშაობდა ქუთაისში იქ მას შენობა არ ჰქონდა. შენობისთვის დაახარჯვინეს ფული, შემდეგ ეს შენობა გაუყიდეს. შემდეგ, როცა სემეკი თბილისში დაბრუნდა მას შენობა არც ქუთაისში ჰქონდა და არც თბილისში.2013 წლიდან 2023 წლამდე, 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ნაქირავებ შენობაში და საკმაოდ დიდ თანხას იხდიდა იჯარაში. ამიტომაც კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით თანხას და შესაბამისად შენობა, რომელსაც ვქირაობდით შეფასდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ და მოხდა ამ შენობის შეძენა. დღეს კომისიას, როგორც გამართულ ადმინისტრაციულ დაწესებულებას აქვს თავისი, ენერგოეფექტური შენობა. შენობის სახურავზე განთავსდა მზის პანელები და დიდწილად საკუთარ ენერგიას მოვიხმართ. მე როგორც ეკონომისტი ყოველთვის ციფრებით ვუყურებ და გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც ციფრებიდან გამომდინარე ვიღებ. თუ ჩვენ კიდევ რამდენიმე წელი ვიქირავებდით ჯამში ამ შენობის ქირაზე გადახდილი თანხები იმაზე მეტი იქნებოდა ვიდრე მისი შეძენა.ამიტომ მივიღეთ შეძენის გადაწყვეტილება და ამიერიდან შენობის იჯარაზე კომისია თანხას აღარ დახარჯავს. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის თუ ევრონაცების მიერ თემის აწევა, რომ სემეკმა შენობა შეიძინა და ამით დაიქცა ქვეყანა, რეალურ საფუძველს მოკლებულია. მე მათ გავახსენებთ, თავის დროზე კომისიას როგორ დაახარჯვინეს ფული შენობის მშენებლობისთვის და მერე როგორ გაუყიდეს ეს შენობა. საინტერესო რაღაცას გამოვაქვეყნებთ თუ კიდე გააგრძელებენ ამ თემაზე პედალირებას.- სემეკის შენობის თავზე დამონტაჟებულია მზის პანელები, ანუ სემეკი მაგალითს გვაძლევს? - ჩვენ არამხოლოდ თეორიულად რეგულაციებს ვადგენთ, არამედ მაგალითის სახით გავაკეთეთ ჩვენი შენობის სახურავზე მზის პანელები, დაახლოებით 80 კვტ სიმძლავრის, გვაქვს საკუთარი ენერგია და ამით შევამცირეთ გარედან ენერგიის მიღება და მწვანე ენერგიის განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ.

1708513230

სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სემეკსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა.თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა.მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეგულირების შესახებ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა ტრენინგების ორგანიზება.

1708508461

ენგურჰესი
რა თანხით დააფინანსებენ EBRD-ი და ევროკავშირი ენგურჰესის რეაბილიტაციას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის. სადგურის მოქმედი კომპანიის, შპს ენგურჰესის დაფინანსებას დაემატება ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტი, 7.05 მილიონის ევროს ოდენობით.ეს ფინანსური პაკეტი მოახდენს ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელი და გამომუშავება. გარდა ამისა, ინვესტიციის დახმარებით, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები, ასევე, მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ამასთან ერთად შეიქმნება თევზსავალი სივრცეები.1970-იან წლებში აშენებული, ენგურის ელექტრო სადგური, და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგო კომპლექსის ნაწილია, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის. 1998 წლიდან EBRD-ი ჩართულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაში, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას,  ენერგო უსაფრთხოებას და მწვანე და მდგრად ენერგოსექტორს.ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც ასევე, შესაბამისობაშია მათ Global Gateway სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს  კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში, მათ შორის საქართველოში. 1998 წლიდან, EBRD-იმ და მისმა დონორებმა ენგურის სადგურის რეაბილიტაციისათვის საერთო ჯამში გამოუყვეს 205 მილიონი ევრო.EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა დღეისათვის, განახორციელა დაახლოებით 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია 290 პროექტში, საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 83 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. 

1708085316

ირაკლი ტყებუჩავა
"ენერგეტიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან უნდა დგინდებოდეს ფასი და არა აუქციონით, ან ხელოვნური ტარიფით"

სიმძლავრის მეორე აუქციონში 146 განაცხადის მიღება დარგში დიდ ინტერესს გამოხატავს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა საუბრობს.„ძალიან მნიშვნელოვანია წახალისების ეს მექანიზმი თვითონ დარგისთვის და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტორებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები და დარგი განვითარდეს“ - აცხადებს ირაკლი ტყებუჩავა.მისივე თქმით, ამავდროულად, დღის წესრიგში  ენერგეტიკული ბირჟის გახსნის აუცილებლობა დგას.„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბირჟის გახსნა და ეს არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, დარგისთვის, რათა იყოს ღია კონკურენცია და თავისუფალი ბაზრის პრინციპიდან დგინდებოდეს ფასი და არა აუქციონით, ან ხელოვნური ტარიფით. რაც მალე გაიხსნება ბირჟა უფრო კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და დარგის განვითარებისთვისზოგადად, ბირჟა როდესაც გაიხსნება, ამ პროექტებით, რომლებიც გაიმარჯვებენ აუქციონში, მათი ენერგიით, სავარაუდოდ, თვითონ სახელმწიფო ივაჭრებს ბირჟაზე. მას ექნება ვალდებულება ინვესტორის წინაშე, თუმცა, ამას ბირჟაზე დააბალანსებს და მათ ელექტროენერგიას ესკო გაყიდის“ - აღნიშნავს ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპარტნიორთან“.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 12 თებერვალს დასრულდა. აუქციონში 146 განაცხადი შევიდა, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ აუქციონთან შედარებით. სამინისტროს ცნობით, აუქციონის კომისია შეიკრიბება უახლოეს მომავალში, გაეცნობა წარმოდგენილ განაცხადებს, დაადგენს მედიანურ ტარიფს, რის შემდგომაც გამარჯვებული წინადადებები გამოვლინდება.სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ. - ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.;  მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

1707984918