პუტინმა რუსულ ენაში უცხო სიტყვების გამოყენება აკრძალა

მსოფლიო 1677675494
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ენაში რუსული სინონიმების მქონე უცხო სიტყვათა გამოყენებას კრძალავს. დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში.

ამით ცვლილებები შედის არსებულ ფედერალურ კანონში, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის შესახებ.“ რუსულში, როგორც სახელმწიფო ენაში უცხო სიტყვათა გამოყენება ეკრძალებათ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს. კანონი, ასევე, აწესებს კონტროლს თანამდებობის პირების მიერ თანამედროვე რუსული ლიტერატურული ენის ნორმების დაცვაზე. გამონაკლისი იქნება ის უცხო სიტყვები, რომლებსაც რუსულ ენაში ანალოგი არ აქვთ. 

დოკუმენტში, ასევე, მითითებულია ის სფეროები, სადაც რუსულის, როგორც სახელმწიფო ენის გამოყენება აუცილებელია. ეს არის განათლების სფერო, სახელმწიფო და მუნიციპალური საინფორმაციო სისტემები, აგრეთვე, პროდუქციასა და სერვისებზე მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. თუ მათი ტექსტი უცხო სიტყვებს შეიცავს, ის ტექნიკური დიზაინითა და განლაგებით, ანუ იგივე პარამეტრებით, ფერით, შრიფტის ტიპითა და ზომით რუსული მნიშვნელობის უნდა გახდეს.