რუსეთში გაზისგან და ნავთობისგან შემოსავალი იანვარში 40%-ით შემცირდა

მსოფლიო 1677664755
რუსული ნავთობი

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთში გაზის და ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 2023 წლის იანვარში 40%-ით შემცირდა შარშანდელი წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის შემოსავალმა ენერგომატარებლების გაყიდვისგან 18 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო შარშან ეს მაჩვენებელი 30 მლრდ დოლარი იყო.

სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ფატიხ ბიროლი ამბობს, რომ სანქციების მიზანია რუსეთში შემოსავლის შემცირება, რათა მას უკრაინაში ომის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდეს. მისივე თქმით, დასავლეთმა მოახერხა რუსული ნავთობის და გაზის ექსპორტის შემცირება და, ამასთანავე, ენერგომატარებლებზე ფასის კატასტროფული ზრდა არ დაუშვა. მისივე პროგნოზის მიხედვით, ნავთობის და გაზის გაყიდვისგან რუსეთის შემოსავალი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო შემცირდება.

Reuters-ის ინფორმაციით,  2022 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 46%-ით შემცირდა და 2000 წლიდან მინიმალურ დონეს მიაღწია.

გასულ წელს მოსკოვმა ნავთობისა და გაზის გაყიდვით 146 მლრდ დოლარის მოგება ნახა. წელს კი სანქციების გამო რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელში 38 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საბაზრო ფასებზე ორჯერ ნაკლებია.