26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას - ცესკო

ნათია იოსელიანი - ცესკო

„26 ოქტომბრის არჩევნების დისკრედიტაციასთან ერთად ინტენსიური ხასიათი აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის, საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები:

„დაინტერესებული მხარეები იმეორებენ 2020 წლის პარლამენტის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლისთვის.

ზეწოლის ქვეშ არიან ყველა დონის საარჩევნო კომისიების, მათ შორის, საზღვარგარეთის საარჩევნო უბნის წევრები. ზოგიერთი მათგანის პირად ტელეფონებზე შედის შეურაცხმყოფელი ზარები და მუქარის შემცველი შეტყობინებები. შეურაცხყოფას, ზეწოლას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელშიც.

ზეწოლა ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად კონკრეტულ პერსონებზე, ისე უწყების ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელში.

თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ სქრინებს, რომელიც ძალიან მცირე ნაწილია შეურაცხმყოფელი შეტყობინების და კომენტარების.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი კოლეგების კანონიერ უფლებებს და ამჯერადაც ვადასტურებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება თავისი სიტყვების ერთგული და აფრთხილებს ყველას, ნებისმიერი განხორციელებული ზარი, თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა იოსელიანმა.