6 თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ჯამური შემოწირულების 87% 6.6 მლნ ლარამდე მიიღო - TI

ბიძინა ივანიშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7.6 მლნ ლარამდე შემოწირულება მიიღო, რომლის 87% - 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს (1,019,578 ლარი), რაც მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში - მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს.

TI საქართველოს ინფორმაციით:

  • მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
  • მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
  • ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185 447 ლარია.

შემოწირულებების ანომალიური ზრდა აჭარიდან:

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს. დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა.

„ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნების“ ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ:

  • პარტიას 190 ათასი ლარი შეწირეს, ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337 369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2025 წლის 6 თვეში "ლელომ“ 410,125 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო პარტიამ „ხალხის ძალა“ — 190 000 ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, „ხალხის ძალა“ და მისი წევრები მჭიდროდ არიან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული, მათ აქვთ საერთო საარჩევნო სია, საერთო პოლიტიკური გზავნილები და როგორც მოსალოდნელი იყო მათი დამფინანსებლებიც მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. პარტიის ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337 369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.

bm.ge