ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელთა რეგისტრაციას კიდევ ერთი ეტაპი დაემატება

კლასი

ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთი ეტაპი დაემატება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ეტაპი, რომელიც საყოველთაო რეგისტრაციამდე განხორციელდება, აპლიკანტის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან იქნება დაკავშირებული.

„შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. იცით, რომ საყოველთაო რეგისტრაცია არის ბოლო ეტაპი. საყოველთაო რეგისტრაციამდე ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან. პირველ ეტაპზე, ეს მიმართულება განხორციელდება დიდ ქალაქებში და საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება“, - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 6 წლამდე ბავშვები სკოლაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ცნობისთვის, პირველკლასელების რეგისტრაცია აქამდე ოთხ ეტაპად ხორციელდებოდა. 2025-2026 სასწავლო წელს კი სკოლაში შესვლა კი იმ ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით იყვნენ დაბადებული.