ბიძინა ივანიშვილისთვის Credit Suisse-ის მიერ გადასახდელი თანხა სასამართლომ $282 მლნ-ით შეამცირა - Bloomberg

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილისთვის Credit Suisse-ის მიერ გადასახდელი თანხა სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ $282 მლნ-ით შეამცირა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზიანი 743 მილიონ დოლარს აღწევდა, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ კი აღნიშნული თანხა 461 მილიონ დოლარამდე შეამცირა. ივანიშვილისთვის სასამართლოს განახლებული გადაწყვეტილება მოიცავს პროცენტებს და ხარჯებს.

Bloomberg-ის დასკვნით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს UBS-ის გამარჯვებად. გამოცემა წერს, რომ იქამდე Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. UBS ასაჩივრებს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ცდილობს გაკოტრებული Credit Suisse-ის მეწილეების ნდობა ისევ მოიპოვოს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სამართლებრივი დავა 2015 წელს დაიწყო. ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკში დაბანდებული თანხის ნაწილი Credit Suisse-ის სინგაპურის ფილიალის კონსულტანტ პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო დაკარგა, რომელიც კლიენტების, მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშებიდან ფულს ფარულად ხსნიდა.