Big Mac-ის სიძვირით საქართველო 55 ქვეყანას შორის ხუთეულშია

ბიგ მაკი

The Economist-მა 2023 წლის ბიგ მაკის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბურგერი ყველაზე ძვირად შვეიცარიაში ფასობს, სადაც მისი ფასი $6.71-ის ეკვივალენტის ტოლია. წელს ყველაზე იაფად ბიგ მაკი ვენესუელაში იყიდება, მისი ფასი $1.76-ის ეკვივალენტს შეადგენს. აშშ-ში კი ერთი ბიგ მაკი $5.15 ღირს.

The Economist საქართველოში არსებულ ფასებს არ აქვეყნებს, თუმცა ჩვენთან ბიგ მაკი 13.85 ლარი ანუ 5.3 დოლარი ღირს. ქართული ბიგ მაკის ფასი არათუ რეგიონშია ყველაზე ძვირი, არამედ ჩამოთვლილ 55 ქვეყანას შორის სიძვირით მე-5 ადგილზეა, მას ღირებულებით მხოლოდ შვეიცარია, ნორვეგია, ურუგვაი და შვედეთი აღემატება.

ინდექსი ვალუტის მსიყიდველობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრა. წელიწადში ორჯერ Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს ადგენს, ამისათვის, გამოცემას ბიგ მაკის საშუალო ფასი აშშ დოლარებში გადაჰყავს.

ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება.

The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს, რითაც გამოცემამ წარმოადგინა გლობალურად ვალუტების ფუნდამენტური ღირებულების მარტივი ინდიკატორი.