იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წააგეს

იუსტიციი სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონისარბიტრაჟშიც წააგეს. ამის შესახებ იუსტიციისსამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სინამდვილეში, საქმე ეხება ანაკლიის პორტის პროექტში, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორის ბობ მეიერის ცალკე საარბიტრაჟო სარჩელს - საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), რაზედაც საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

BMG იუსტიციის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ:

პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები.

პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი.

მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია.

აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.

პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.