მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი სისტემა

მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მარტიდან ამოქმედდება.

საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის  დამატებითი ადგილები გამოიყოფა.

კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, ჯამში, 90 საპარკინგე ადგილით. ჩუღურეთის რაიონში, 13 ქუჩაზე გამოიყოფა, 497 საპარკინგე ადგილი. მთაწმინდის რაიონში, თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე ამოქმედდება, სულ 1 116 ადგილი. საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილით.

სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომანქანების პარკირებისთვის, ოთხი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.

1-ლი თებერვლიდან აღნიშნულ რაიონებში გამოყოფილ პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.