მთავრობას საწვავი 20 თეთრამდე გაუძვირდა - რა უჯდება 1 ლიტრი

საწვავი

მთავრობას საწვავი 20 თეთრამდე გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას თებერვალში 1 ლიტრი სუპერის ტიპის ბენზინი 20 თეთრით, პრემიუმის 18 თეთრით, რეგულარი 13 თეთრით, ხოლო დიზელი 17 თეთრით მეტი დაუჯდება.

კერძოდ, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს თებერვალში 2,82 ლარად შეიძენს (იანვარში 2.62 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, თებერვლის კონტრაქტით, 1 ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2.51 ლარია, იანვარში 2,33 ლარი იყო. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს კი, მთავრობა თებერვალში 2.46 ლარად შეიძენს, იანვარში 2.33 იყო. გამარჯვებული კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2,66 ლარია, (იანვარში 2.49 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა.