ნახევარ მილიონიანი ბინა საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები მუხურში... - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარიას ოჯახი

გიორგი გახარია

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განაცხადებით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ, „პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.

„ბინესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია, რომელიც 2016-2021 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ წლებში ის იყო შს მინისტრი, ასევე ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური დეკლარაცია გახარიამ 2025 წლის 1-ელ იანვარს, როგორც პარლამენტის წევრმა ისე შეავსო.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გახარია ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. ერთ-ერთის, 3385 კვ.მ-იანი მიწის ნაკვეთის ღირებულება 85 000 ლარია, ხოლო 2792 კვ.მ-იანი ნაკვეთის ღირებულებად დეკლარაციაში 1 ლარია მითითებული. ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საკუთრებაში არსებული ორივე ნაკვეთი ერთად, 2020 წელს განვადებითაა შეძენილი.

ამასთანავე, გიორგი გახარიას მეუღლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 472 400 ევროს ღირებულების ბინა საფრანგეთში, რომელიც 2020 წელსაა ნაყიდი. დეკლარაციის მიხედვით, ბინა გაქირავებულია და ყოველთვიური სარგო იჯარიდან 2 000 ევროს შეადგენს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არც გიორგი გახარიას და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის რეგისტრირებული ბინა ან საცხოვრებელი სახლი საქართველოში.

მარიკა ფანცულაიას სახელზეა ორი მსუბუქი ავტომობილი. 22 000-დოლარიანი "Toyota RAV 4" მან 2016 წელს შეიძინა, 2021 წელსაა ნაყიდი „Toyota C-HR“, რომლის ღირებულებაც 22 000 ევროა. დეკლარაციის მიხედვით, ყოფილ პრემიერს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დოკუმენტის შევსების მომენტში გიორგი გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 49 470 ლარის, 10 922 დოლარისა და 11 000 ევროს ოდენობის ფულადი თანხა. მისი მეუღლის, მარიკა ფანცულაიას ანგარიშებზე კი 278 ლარი და 33 391 ევროა.

რაც შეეხება ხელფასს, დეკლარაციაში გახარიას ხელფასზე ინფორმაცია მითითებული არ არის. მისი მეუღლე კი მუშაობდა ერთ-ერთ კლინიკაში ლაბორატორიული მედიცინის ექიმი ზსპეციალისტის პოზიციაზე. მან 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების სახით 33 457 ლარი მიიღო.

ინფორმაციისთვის, 2016 -2017 წლებში გახარა იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას, 2017-2019 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს ვიცე-პრემიერი. 2019 წლის 8 სექტემბერს კი საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. ის თანამდებობიდან 2021 წელს გადადგა და პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.