რა ქონებას ფლობს აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი თამარ ტალიაშვილი

ამარ ტალიაშვილი

საქართველოს მთავრობამ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. განკარგულების მიხედვით, მან ახალი თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.

იქამდე თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. ამ თანამდებობიდან ტალიაშვილი 10 ივლისიდან უნდა გათავისუფლდეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.

ცნობისთვის, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა, რამდენიმე თვეა დეკლარაციები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად კი ვებგვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება. თუმცა, სანამ ეს დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლის ნოემბრამდე (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, რა ქონებას ფლობს თამარ ტალიაშვილი:

გასული წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თამარ ტალიაშვილის საკუთრებაშია ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში. ამასთანავე, ის ფლობს 2001 წელს შეძენილ ბინას თბილისში, რაშიც 10 000 ლარი გადაიხადა.

დოკუმენტების მიხედვით, მისი 15 წლის შვილის, დავით კუხალაშვილის სახელზეა 6000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხი (2015 წელს), 146 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში (2015 წელს) და კიდევ ერთი ბინა დედაქალაქში, რომელიც 120 000 დოლარად აქვს ნაყიდი 2011 წელს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტების შევსების მომენტში თამარ ტალიაშვილს სხვადასხვა ბანკის ანაბარზე ჰქონდა ჯამში 117 361 დოლარი და 30 878 ევრო.

ამასთანავე, მან 2023 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისთვის (ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი) ჯამში ხელფასის სახით აიღო 76 841 ლარი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს ბოლო ელჩი დავით ზალკანიანი იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დატოვა.