1778400941
რა ქონებას ფლობს საქართველოს ელჩი ბელგიასა და EU-ში? - ვახტანგ მახარობლიშვილის დეკლარაცია
ბელგიასა და ლუქსენბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან ქვეყნის მისიის ხელმძღვანელად იმ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და კარიერული დიპლომატი, 43 წლის ვახტანგ მახარობლიშვილი 2021 წლის 9 ივნისს დაინიშნა.
მახარობლიშვილმა თანამდებობაზე ნატალი საბანაძე შეცვალა, რომელიც პოსტზე თითქმის რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა. მისი წასვლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში პირველი ვიზიტის წარუმატებლად დასრულებას დაემთხვა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა, 2025 წლის 31 იანვარს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტი ასახავს როგორც მისი, ისე მეუღლისა და შვილების ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას.
დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ მახარობლიშვილის ოჯახის წევრები არიან მეუღლე ანასტასია ანტონიუკი და ორი შვილი - დავით და ნინო მახარობლიშვილები.
უძრავი ქონება
დეკლარაციით ირკვევა, რომ ვახტანგ მახარობლიშვილი თბილისში მდებარე ბინისა (126.88 კვ.მ) და გარე ავტოსადგომის (12.5 კვ.მ) მფლობელია. ქონება 2007 წელს შეიძინა ნასყიდობის გზით, 30 000 და 5 000 აშშ დოლარად.
მეუღლე, ანასტასია ანტონიუკი, ფლობს ორ მიწის ნაკვეთს საგურამოს ტერიტორიაზე (თითო 2000-ზე მეტი კვადრატული მეტრი), რომელთა შეძენის ღირებულება 50 000–50 000 დოლარია. ანტონიუკის სახელზე ასევე რეგისტრირებულია ბინა და ავტოსადგომი თბილისში, მამარდაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2025 წლის 1 აპრილს უნდა ჩაჰბარდეს მფლობელს DOMUS Development-ისგან, რომელშიც 107 000 დოლარი გადაიხადა.
მოძრავი ქონება
მახარობლიშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა - Toyota Camry, რომელიც 2018 წელს 10 500 დოლარად შეიძინა. ანასტასია ანტონიუკის საკუთრებაა Nissan Rogue, შეძენილი 2017 წელს 8 000 დოლარად.
ფინანსური ანგარიშები
ელჩის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიშია რეგისტრირებული საქართველოსა და ბელგიაში. საქართველოში არსებული ანგარიშებზე თანხა დეკლარაციის შევსების მომენტში რამდენიმე ასეულ ლარსა და დოლარს არ სცდებოდა, მაშინ როცა ბელგიის ბანკებში განთავსებული თანხა ჯამში 14 800 ევროზე მეტია.
მეუღლესაც აქვს ანგარიში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. „საქართველოს ბანკში“ არსებული ანაბრის ანგარიშზე 1000 აშშ დოლარი იყო განთავსებული.
ნაღდი ფული და შემოსავალი
დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ მახარობლიშვილს ნაღდ ფულად აქვს 2000 ლარი, მეუღლეს - 1000 ლარი.
ელჩის 2024 წლის ანაზღაურებადი შემოსავალი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეადგენდა 46 522.61 ევროს, ხოლო ანასტასია ანტონიუკის, რომელიც მოდელია სხვადასხვა ბრენდებიდან მიღებული შემოსავალი 10 565.65 ლარს.
საქმიანი ბიოგრაფია
- 06/2021 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
- 07/2019 - 2021 (09.06) - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
- 11/2016 - 07/2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
- 05/2012 - 10/2016 - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ამასთანავე, 2013 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
- 11/2009 - 05/2012 - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი - დირექტორი.
- 10/2005 - 11/2009 - ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
- 09/2004 - 10/2005 - ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
- 07/2004 - 09/2004 – ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი.
- 08/2002 - 07/2004 - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის განხორციელების სამმართველოს უფროსი.
- 09/2001 - 08/2002 - ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოლიტიკური ანალიზის, ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სამმართველოში მეორე მდივანი.
- 08/2000 - 09/2001 - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე.
bm.ge



