საქართველოში 140.5 ათასი ადამიანი 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს

ხელფასი

საქართველოში 140.5 ათასი ადამიანი 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაში მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ, 2025 წლის 1-ელი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში ხელფასის მიმღები იყო ჯამში 937 ათასი პირი, საიდანაც 15% - 600 ლარამდე ხელფასს იღებდა, 22% - 600-1199 ლარამდე, 33% - 1200-2399 ლარამდე, 29% - 2400 ლარიდან ზემოთ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1-ელი კვარტლიდან 2025 წლის 1-ლი კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასები სტაბილურად იზრდებოდა. უფრო კონკრეტულად, საშუალო ხელფასმა საქართველოში 2019 წლის 1-ელ კვარტალში დაახლოებით 1,093 ლარიდან 2024 წლის მე-4 კვარტალში 2,218 ლარს მიაღწია, რაც თითქმის ორმაგი ზრდაა.

თუმცა, Pmcg-ის განმარტებით, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასების ზრდა შედარებით ზომიერი იყო, კერძოდ, საშუალო რეალური ხელფასი 2019 წლის 1-ელ კვარტალში 934 ლარიდან 2024 წლის მე-4 კვარტალში 1,400 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, 0-დან 600 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2021 წლიდან სტაბილურად მცირდებოდა, რის შედეგადაც 2025 წლის 1-ელ კვარტალში 2021 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელმა 40.3%-ით დაიკლო. გარდა ამისა, შემცირდა იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც 600-დან 1199 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდა (-17.7%).

„ამის საპირისპიროდ, 1,200-დან 2,399 ლარამდე თვიური ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა 2025 წლის 1-ელ კვარტალში მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის კვ. II-ში ამ სეგმენტში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. თუმცა, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმ პირთა შორის, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, კერძოდ, აღნიშნულ კატეგორიაში ადამიანების რაოდენობა 2025 წლის 1-ელ კვარტალში 2021 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნულია კვლევაში.