საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

რეგისტრაცია

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია და როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2022-2024 წლებში, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობა განხორციელდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს. 

სააგენტოს ცნობით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: 

• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;

• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;

• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;

• სანოტარო მედიაცია;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

• ფაქტების კონსტატაცია;

• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. 

მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.