საქართველოში რძის ფასი პიკზეა - ასოციაცია

რძის ნაწარმი

რძის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოში რძის ფასი პიკზეა და მასზე ფასის კიდევ ზრდას არ უნდა ველოდოთ. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი bm.ge-სთან განმარტავს, რძესა და რძის პროდუქტებზე ფასის ზრდა  ქვეყანაში გაზრდილმა მიგრაციამ და მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა, რამაც ისედაც დეფიციტურ ბაზარზე ნედლი რძის დეფიციტი შექმნა. კახა კონიაშვილი ამბობს, რომ ფასის ფორმირებაზე გავლენა ჰქონდა რძის ფხვნილის იმპორტის შემცირებასაც.

რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ნედლ რძეზე არსებული ფასი ევროპაში არსებულ საშუალო ფასს რამდენიმე ათეული ცენტით აღემატება. ასოციაცია რძის პროდუქტებზე ფასის კლებას გაზაფხულიდან ელის.

„მიგრაციული პროცესების გამო რძის პროდუქტებზე ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა. შესაბამისად, ნედლი რძის მიწოდებაზე დიდი პრობლემები იქმნება. ადრე ეს ბალანსდებოდა იმით, რომ შემოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან რძის ფხვნილი, მაგრამ იმის გამო, რომ ინფლაციურმა მოვლენებმა, ომმა და ა.შ გამოიწვია რძის ფხვნილზე ფასის ძალიან გაზრდა, შესაბამისად იმპორტი შეჩერებული იყო. ეს ყველაფერი იწვევს კიდევ უფრო მეტ დეფიციტს და ფასების ზრდას რძეზე.

შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ნედლ რძეზე საქართველოში იმდენად მაღალია ფასი, რომ ევროპის საშუალო ფასს 20-25 ცენტით აღემატება. ეს ძალიან მაღალი ფასია.

დღეს პიკზეა რძის ფასი. აღარ ველოდებით, რომ ფასი გაიზრდება. ველოდებით, რომ ფასი შემცირებას გაზაფხულიდან დაიწყებს“, - აცხადებს კახა კონიაშვილი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურად 17,5%-ით არის გაძვირებული.