საქართველოში შემოტანილი ხორბლის 95% და ფქვილის 98%-ი რუსული წარმოებისაა

რუსული ხორბალი

2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის მოცულობა 50%-ით შემცირდა, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია არა პურის მოხმარების შემცირებასთან, არამედ განპირობებული იმით, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში ქვეყანაში ფქვილის იმპორტი გაიზარდა და ქართულ წისქვილკომბინატებს ხორბლის შემოტანა და შემდგომ მისი გადამუშავება აღარ უღირდათ.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 184,063.59 ტონა ხორბლის იმპორტი დაფიქსირდა, 2021 წელს კი 366,909.40 ტონის. არსებული მაჩვენებლების თანახმად, 2022 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის საერთო ღირებულებამ 64,785.43 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს იმპორტირებული ხორბლის ფასმა კი 93,448.33 ათასი დოლარი.

2022 წელს ქვეყანაში შემოტანილი ხორბლის 95%-ი რუსეთზე მოდის. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთიდან 174,132.86 ტონა ხორბალი შემოვიდა, ხოლო ყაზახეთიდან  3,703.00 ტონა. 2022 წელს ხორბლის იმპორტი განხორციელდა ასევე სომხეთიდან (3,569.33 ტონა), უკრაინიდან (2,500.00 ტონა), ავსტრალიიდან (66.28 ტონა), თურქეთიდან (53.50 ტონა), გერმანიიდან (38.47 ტონა) და საფრანგეთიდან (0.15 ტონა).

რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, 2022 წლის მონაცემებით ზრდა 384%-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 181,706.54 ტონა ფქვილი შემოვიდა, 2021 წელს კი 37,576.55 ტონა. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, 2022 წელს საქართველოში 68,116.50 ათასი დოლარის ღირებულების ფქვილის შემოვიდა, 2021 წელს კი 12,025.80 ათასი დოლარის ღირებულების.

საქართველოში იმპორტირებული ფქვილის 98%-ი რუსული წარმოებისაა. 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან 179,743.24 ტონა ფქვილი შემოვიდა.