ვაკანსიებია გამოცხადებული, გვჭირდება მძღოლები - საშუალო ხელფასი 3600-დან 5 ათას ლარამდეა - კალაძე

ავტობუსი

„ვაკანსიებია გამოცხადებული, გვჭირდება ავტობუსის მძღოლები - საშუალო ხელფასი 3600-დან 5 ათას ლარამდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ვისაც სურვილი გაქვთ საკმაოდ საინტერესო იქნება. ეს ეხება ავტობუსის მძღოლებს. კონკურსში მონაწილე დაინტერესებულ პირებს უნდა გააჩნდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვის D კატეგორია, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში E კატეგორია.

„ავტობუსის მძღოლების ხელფასი საშუალოდ 3600-დან 5000 ლარი იქნება“

ახალი პარტია ავტობუსები უკვე ძალიან მალე დაიწყებს მოძრაობას თბილისში და შესაბამისად გვჭირდება მძღოლები. ვაკანსიები უკვე გამოცხადებულია. მძღოლის გამომუშავებული საშუალო ანაზღაურება განსხვავდება ავტობუსის სიგრძის მიხედვით და მერყეობს 3600-დან 5000 ლარის ფარგლებში. დასაქმებულები ასევე ისარგებლებენ დაზღვევის უფლებით.

რაც შეეხება პროცედურებს, შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და დამატებით გადამზადებასაც გაივლიან. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას,“ - განაცხადა კალაძემ.