1742542533
ბიტკოინის ღირებულება ტრამპის გამარჯვების მოლოდინით 72 400$-მდე გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ს მსოფლიოს კრიპტოცენტრად აქცევს.
დაპირების პარალელურად, ბიტკოინმა აპრილის შემდეგ პირველად გადააჭარბა 72 000 დოლარის ნიშნულს, რაც ვალუტის 5.3%-ით ზრდაა.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ზრდა, 5 ნოემბრის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებს უკავშირდება.
ექსპერტები ბიტკოინს „ტრამპის ვალუტად“ მიიჩნევენ, რადგან რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი აქტიურად იყენებს ციფრულ აქტივებს წინასაარჩევნო კამპანიაში.
ტრამპი პროგნოზების ბაზრებზე ლიდერობს, ხოლო გამოკითხვები დემოკრატიული პარტიის კანდიდატთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, ფაქტობრივად თანაბარ შედეგს აჩვენებს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სამთავრობო ხარჯების შემცირების პოლიტიკას ილონ მასკს ჩააბარებს, რომელიც მისი კამპანიის მთავარი სპონსორია.
ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი უკვე 71%-ით გაძვირდა. ბიტკოინის აბსოლუტური რეკორდი ფასში – 73 798 დოლარი, მარტში დაფიქსირდა. ტრეიდერები ვარაუდით, ბიტკოინი ნოემბრის ბოლომდე 80 000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.