1752750555
დედამიწაზე ჩამოვარდნილი ყველაზე დიდი მარსის ქვა აუქციონზე $4 მილიონად იყიდება

მეტეორიტი, რომელიც მარსის ყველაზე დიდი აღმოჩენილი ნიმუშია დედამიწაზე, შესაძლოა, ამ თვეში გასამართ აუქციონზე 4 მილიონ დოლარად გაიყიდოს.
ეს მეტეორიტი ცნობილია როგორც NWA 16788 და მისი წონა 24.5 კილოგრამია, რაც მას ძალზე მასიურს ხდის, მაშინ როცა მარსის მეტეორიტების უმეტესობა პატარა ფრაგმენტებია, ნათქვამია Sotheby’s-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მეტეორიტი არის ის, რაც კომეტის, ასტეროიდის ან მეტეორიდის ატმოსფეროში შესვლის შემდეგ დედამიწამდე მოღწევისას რჩება.
NWA 16788 2023 წლის ნოემბერში, ნიგერის შორეულ რეგიონ აგადეზში აღმოაჩინეს. Sotheby’s-ის ინფორმაციით, ის “მონუმენტური ნიმუშია“, რომელიც იმ მეტეორიტზე, რომელიც აქამდე მარსის უდიდეს ნიმუშად ითვლებოდა დაახლოებით 70%-ით დიდია.
ამასთანავე, ის უკიდურესად იშვიათია, ვინაიდან დედამიწაზე სულ დაახლოებით 400 მარსული მეტეორიტია აღმოჩენილი.
„NWA 16788 არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი აღმოჩენა — დედამიწაზე ნაპოვნი მარსის უდიდესი მეტეორიტი და აუქციონზე შეთავაზებული ყველაზე ძვირფასი ნიმუში ამ კატეგორიაში,“ — განაცხადა კასანდრა ჰეტონმა, Sotheby’s-ის მეცნიერებისა და ბუნებრივი ისტორიის მიმართულების ვიცე-თავმჯდომარემ.
მეტეორიტის შინაგანი შემადგენლობის ანალიზით დადგინდა, რომ ის მარსის ზედაპირიდან შეიძლება ასტეროიდის ძალზე ძლიერი დარტყმის შედეგად მოსწყდა — ასეთი ძალით დარტყმამ მეტეორიტის ნაწილებიც კი მინის მსგავს მასად გადააქცია.
Sotheby’s-ის ინფორმაციით, მეტეორიტის ზედაპირზე ასევე ჩანს მინისებური ქერქი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას წარმოიშვა.
მეტეორიტი აუქციონზე Sotheby’s-ის ნიუ-იორკის ფილიალში 16 ივლისს გავა.
ზოგისთვის ის ფაქტი, რომ მეტეორიტი იყიდება და არა სამეცნიერო მიზნებისთვის გროვდება ან იძენს მუზეუმი, შეშფოთების საგანია.
„სამწუხაროა, თუ ის ოლიგარქის სეიფში აღმოჩნდება. მას ადგილი მუზეუმში აქვს, სადაც მეცნიერები გამოიკვლევენ და სადაც მას ბავშვები, ოჯახები და ყველა დაინტერესებული ნახავს“, — განუცხადა CNN-ს ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგიისა და ევოლუციის პროფესორმა სტივ ბრუსატმა.
ჯერ არ არის ცნობილი, სად აღმოჩნდება მეტეორიტი აუქციონის შემდეგ, მაგრამ მეცნიერთა ნაწილს სჯერა, რომ მისი სამეცნიერო მნიშვნელობა შენარჩუნდება და ახალი მფლობელიც შესაძლოა მისი შესწავლით დაინტერესდეს, რაც კვლავაც სამეცნიერო სექტორს ახალ ცოდნას მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში სხვა მარსული მეტეორიტი, რომელსაც პლანეტის ატმოსფეროს კვალი გააჩნდა, აუქციონზე Christie's-ის სახლის მეშვეობით გაიყიდა. ის $200,000-ად გასხვისდა, რაც ბევრად აღემატებოდა მის საწყის შეფასებას — $30,000-50,000.