1742542533
Nestlé უკრაინაში ბიზნესის განვითარებისა და ქარხნების მოდერნიზაციისთვის 250 მლნ დოლარამდე ინვესტიციას გეგმავს

წელს შვეიცარიული კორპორაცია, Nestlé უკრაინაში კომერციული საქმიანობისთვის, კერძოდ, საცალო ქსელებში პროდუქციის პოპულარიზაციისთვის 8 მლრდ გრივნის (192,3 მლნ დოლარის) ინვესტირებას გეგმავს. ასევე 1,5 მლრდ გრივნას (36 მლნ დოლარს) პროდუქციის გასაუმჯობესებლად თავისი ქარხნების მოდერნიზებაში დახარჯავს.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ალესანდრო ძანელიმ განაცხადა, რასაც “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.
მისი თქმით, Nestlé უკვე ექვსი თვეა, ვოლინის ოლქში ახალი ქარხნის ამოქმედებას აჭიანურებს, რისი მიზეზიც საჰაერო თავდასხმის მუდმივი საფრთხე, ასევე, მშენებლებისა და მუშახელის დეფიციტია. თუმცა ქარხნის გახსნა მიმდინარე წლის მარტში მაინც არის დაგეგმილი.
ალესანდრო ძანელი ამბობს, რომ ამჟამად უკრაინაში ინფლაციის გამო შესყიდვის ოპერაციების, დაახლოებით, 50-55% სააქციო ფასებში ხდება და საცალო ვაჭრობის მრავალი ქსელი, ვიზიტორთა ნაკადის გენერირების მიზნით, მწარმოებლებს მეტი სარეკლამო კამპანიის ჩატარებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ Nestle-მ უკრაინაში მიმდინარე წლისთვის შესაბამისი ხარჯები გაითვალისწინა.
ცნობისთვის: 2023 წელს უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ Nestle ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაამატა, რადგან კომპანია რუსეთში ოპერირებას, საქონლის მიწოდებასა და საწარმოო ბაზის გაფართოებას განაგრძობდა.
Nestlé საკვები და სასმელი პროდუქტების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 187 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ოჯახებისთვის და შინაური ცხოველებისთვის პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს და 2000-ზე მეტ სავაჭრო ნიშანს ფლობს.
bpn.ge