1752750555
რატომ ითხოვს ესპანეთის მთავრობა ლამინე იამალის დაბადების დღის წვეულების გამოძიებას

ესპანეთის მთავრობამ „ბარსელონას“ ვარსკვლავის, ლამინე იამალის მე-18 დაბადების დღის წვეულების გამოძიება მოითხოვა.
CNN წერს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცნობილმა აქტივისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები მხოლოდ გართობის მიზნით დაიქირავეს, რაც ესპანეთის კანონმდებლობას არღვევს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ესპანეთში აქონდროპლაზიითა და ძვლის სხვა დისპლაზიით დაავადებულთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გმობს წვეულებაზე ადამიანების გასართობად დაქირავებას.
ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გენერალურმა დირექტორმა, ხესუს მარტინ ბლანკომ, განაცხადა, რომ მან მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ საჭირო გამოძიება წვეულებაზე მომხდარი ინციდენტის დასადგენად.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა წვეულება კვირას, ბარსელონადან სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ოლიველაში, მის მიერ ნაქირავებ კერძო საკუთრებაში გამართა, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ონლაინ-ინფლუენსერიც დაესწრო.