1733738781
რუბლის გაუფასურების გამო რუსეთში ხილ-ბოსტნეულის მიწოდება შეწყდა
რუსეთში რუბლის გაუფასურების გამო კრემლის „მეგობრული” ქვეყნებიდან ხილისა და ბოსტნეულის მიმწოდებლები საექსპორტო კონტრაქტებს აუქმებენ. ინფორმაციას ვებ-გვერდი EastFruit ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მიწოდების შეთანხმებები თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან გაუქმდა. ამ ქვეყნების კომპანიები გაზრდილი სავალუტო რისკების ასახვის მიზნით ფასების გადახედვას მოითხოვენ.
ნოემბრის დასაწყისიდან რუბლი დოლარისა და ევროს მიმართ 10%-ზე მეტად დაეცა ამერიკული ფინანსური სანქციების გამკაცრების ფონზე, რამაც 50 რუსული ბანკი, მათ შორის, წამყვანი “გაზპრომბანკი” დააზარალა.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს Forex-ზე აშშ დოლარის კურსი 114 რუბლზე მაღალი იყო, ხოლო ევროპულმა ვალუტამ 2022 წლის მარტის შემდეგ 120 რუბლს პირველად გადააჭარბა. მოსკოვის ბირჟაზე, სადაც სანქციების გამო დოლარისა და ევროს ვაჭრობა შემწყდარია, იუანი მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, ჩინური ვალუტის კურსმა 15,2 რუბლს მიაღწია, რაც, ასევე, ბოლო წელიწად-ნახევარში რეკორდული დონეა. აგვისტოს დასაწყისიდან რუბლი 25%-ით გაუფასურდა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციას აჩქარებს. ზამთარში ხილ-ბოსტნეული რუსეთში, ძირითადად, უცხოეთიდან შედის და მიმწოდებლებმა, რომლებიც ფასების ზრდას მოელიან, საქონლის მიწოდების შეჩერება დაიწყეს.
„როსსტატის” მონაცემებით, 25 ნოემბრის მდგომარეობით რუსეთში სურსათის ინფლაციამ 10,2%-ს მიაღწია, ხოლო ძირითადი ხილ-ბოსტნეულის ფასები ათობით პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, წლის დასაწყისიდან კარტოფილი 78,4%-ით, კომბოსტო 30,7%-ით, ხოლო ჭარხალი 27%-ით გაძვირდა. ასევე, წლიური თვალსაზრისით პომიდორზე ფასმა 22,5%-ით, კიტრზე 40,8%-ით, ხახვზე კი 17%-ით მოიმატა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, ინფლაციის ზრდის შესაჩერებლად მთავრობა ხილ-ბოსტნეულზე საიმპორტო გადასახადების გაუქმებას განიხილავს. შეღავათები შესაძლოა, კარტოფილის, ხახვის, სტაფილოს, კომბოსტოს და ვაშლის მიწოდებას შეეხოს. ბოსტნეულზე პრობლემები მაისის ყინვების გამოც შეიქმნა, რასაც როსტოვის, ასტრახანის, ვოლგოგრადის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეში გვალვა და ძლიერი სიცხე მოჰყვა. რუსეთის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის შეფასებით, ამ ოლქებში ბოსტნეულის მოსავლის 10%-დან 25%-მდე დაიკარგა.