1742542533
საერთაშორისო რეზერვების 14.4% მონეტარულ ოქროზე მოდის - როგორია სავალუტო რეზერვების მოცულობა

2025 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურ ჭრილში 24%-ით, მთლიანი რეზერვების მოცულობა კი 8.7%-ით შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 423.103 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.050 მლრდ დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.853 მლრდ დოლარს შეადგენდა, წელს კი 4.430 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 4.386 მლრდ დოლარიდან 3.336 მლრდ-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.510 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 826.3 მლნ დოლარს ინახავს.
რაც შეეხება ოქროს რეზერვების მოცულობას, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით 639.612 მლნ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი რეზერვების 14.4%-ია.