1747031045
ოთარ შამუგია: ახალი პროგრამით მეფუტკრე ფერმერებს დაფინანსების მიღების საშუალება ექნებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული, მეფუტკრეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ დღეს მთავრობას წარვუდგინეთ ახალი პროგრამის დაწყების შესახებ განკარგულების პროექტი. ეს შეეხება მეფუტკრე ფერმერების მხარდაჭერას. პროგრამის თანახმად მეფუტკრეები ინვენტარის განახლებას შეძლებენ, ჩვენ მოვახდენთ 50% -იან საგრანტო თანადაფინანსებას, სკების შესყიდვის ნაწილში. მათ ექნებათ საშუალება, რომ განაახლონ თავიანთი სკები და ასევე, შეიძინონ 50 %-ით მეტი რაოდენობა იმასთან შედარებით, რაც დღეს ჰყავთ. ჩვენ მეფუტკრე ფერმერებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გაზარდონ წარმოება.
წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ, რის შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად შეუფერხებლად თაფლის ექსპორტი სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში და ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიღწეულ იქნა იმ რეფორმებით, ასევე ლაბორატორიის შესაძლებლობის გაძლიერებით, რაც წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწილშიც ფერმერებს შევუწყოთ ხელი, რომ მათ შეძლონ თავიანთი სკების განახლება.
კოოპერატივების მიმართულებით ჩვენ წლებია უკვე ამ პროგრამას ვახორციელებთ, ვეხმარებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც თაფლს აწარმოებენ. ამ შემთხვევაში ეს შეეხება ფიზიკურ პირებს, ასევე იურიდიულ პირებს. მათ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით ექნებათ საშუალება მიიღონ დაფინანსება და განაახლონ თავიანთი ინვენტარი, სკები, რათა ხარისხიანი და მეტი პროდუქცია აწარმოონ“ , - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.