ადმინისტრატორი • 1641986880

ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში ვიზიტორებისათვის ღამის ქოხების აშენება იგეგმება

ყაზბეგში, ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში ტურისტებისთვის მთის ქოხები აშენდება.

ქოხების მშენებლობა 7 ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორისაა აბუდელაური (ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია), ზედა ტანიე (ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია), არხოტის თავი (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია), დათვისჯვარი (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია), ქვედა ტანიე (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია), ხიდოტანი (ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია), ქვახიდი (თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია).

მოწვევა სატენდერო წინადადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24.3 მლნ ლარია.

ქოხები ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით - ხე, ფიქალი, ქვის წყობა.

ქოხების მოწყობა სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება.

ქოხების მშენებლობა, პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ჯამში პროექტი ითვალისწინებს, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარებას.