Green Card-ის გათამაშება გადაიდო - როდის გამოცხადდება რეგისტრაციის დაწყების თარიღი

მსოფლიო 1762930912
გრიინკარტა

აშშ -ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის, იგივე „მწვანე ბარათის“ გათამაშების თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველაფერი წესისამებრ რომ მომხდარიყო, ლატარიაში რეგისტრაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განმარტებულია, რომ რეგისტრაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„დეპარტამენტი გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს ვიზაზე განაცხადის პროცესში. ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027 რეგისტრაციის პერიოდის დაწყების თარიღს, თუმცა, ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს DV-2027-ისთვის შერჩეული პირების ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე ძალაში დარჩება“, - ნათქვამია სახდეპის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა, გასულ კვირას, 5 ნოემბერს, როდესაც რეგისტრაცია უნდა დასრულებულიყო, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეფერხების ერთ-ერთი მიზეზად აშშ-ის მთავრობის ე.წ. შათდაუნიც სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სახდეპის გადაწყვეტილებით ლატარიაში მონაწილეობა უფასო აღარ იქნებოდა და რეგისტრაციაში ყველა მსურველს 1 დოლარის გადახდა მოუწევს.

„მწვანე ბარათის“ რეგისტრაციისას ბოლოს შეფერხება 2017 წელს იყო, როდესაც ის „ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო. რეგისტრაციის პირველ კვირაში წარდგენილი განაცხადები დაიკარგა და ახალი რეგისტრაციის პერიოდი იმავე წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი. თავად ბარათის გათამაშება კონგრესმა 1990 წლიდან დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.