თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთთან საუბარი აუკრძალა

მსოფლიო 1730271161
თალიბანი

თალიბანის სათნოების მინისტრმა ხალიდ ჰანაფიმ ქალებს საჯაროდ საუბარი არა მხოლოდ მამაკაცებთან, არამედ ქალებთანაც აუკრძალა. ქალებს ასევე ეკრძალებათ ყურანის ხმამაღლა წაკითხვა სხვა ქალების თანდასწრებით. ახალი რეგულაციის თანახმად, სრულწლოვანმა ქალებმა საკუთარი ხმა სხვა ზრდასრულ ქალებს არ უნდა გააგონონ.

სექტემბერში, თალიბანმა  ახალი კანონები მიიღეს, რომლებიც მიზნად "სათნოების ხელშეწყობასა და მანკიერების აღმოფხვრას" ისახავს. დოკუმენტი 114 გვერდისგან შედგება.  კოდექსის ნორმებით ქალებს ეზღუდებათ საზოგადოებაში სიმღერა და კითხვა. აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალის ხმა ინტიმურად აღიქმება. ქალებს ასევე მოეთხოვებათ მოერიდონ უცხო ადამიანებთან თვალის კონტაქტს, რათა თავიდან აიცილონ „ცდუნება“.

2021 წლის აგვისტოდან თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება აიღეს. მას შემდეგ ქვეყანაში ქალებს აეკრძალათ განათლების მიღება, მოგზაურობა მამაკაცის გარეშე, პარკების მონახულება, სპორტის თამაში და ცურვა. თალიბებმა ასევე გასცეს ბრძანება სილამაზის სალონების, თმის სალონებისა და ქალთა თავშესაფრების დახურვის შესახებ. გაუქმდა კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ქალებს ხშირად სცემენ საჯაროდ და აპატიმრებენ „არაისლამური ქცევისთვის“, რაც შეიძლება მოიაზრებდეს ნებისმიერ რამეს.

გენდერული დისკრიმინაციის გამო თალიბანს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უკვე უჩივლა ოთხმა ქვეყანამ. ესენია კანადა, ავსტრალია, გერმანია და ნიდერლანდები.