• Ƀ/$

ანდრია გვიდიანი: მოვუწოდებთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, გამოაქვეყნონ საქმიანობის ანგარიშები

26 სექტემბერი 11:36, 2017 წელი | კომპანიები

"ბოლო პერიოდში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ წარმოქმნილმა სკანდალმა, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა დეტალურ შესწავლასა და საზოგადოების მხრიდან აქტიურ დაკვირვებას საჭიროებს".

ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.


„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ გეგმავს, შეისწავლოს საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა და მათივე ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდოს რეალური სურათი, რამდენად გამჭვირვალედ და მიზნობრივად იხარჯება სახსრები.


“აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყველა საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია, გამოაქვეყნოს წინა წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში). შესაბამისად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის დეტალური ანგარიშები მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, მიუხედავად კანონმდებლობაში დაფიქსირებული ვალდებულებისა, ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის დასკვნები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ქვეყნდება. საქველმოქმედო ფონდების მხრიდან, ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია, რაც, ერთი მხრივ, კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უზღუდავს უფლებას, იცოდეს, სად და როგორ დაიხარჯა მათ მიერ გაცემული ფინანსები”, – განაცხადა ანდრეა გვიდიანმა.


მისივე განმარტებით, ფონდ „იავნანას“ შემთხვევაში მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, გამოაშკარავდა ისეთი ფაქტები, რაც, როგორც “ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს ფონდის და მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელობის შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს.


“ჩვენ, საზოგადოებას, რეალურად, წარმოდგენა არ გვაქვს რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ საქართველოში მოქმედი სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ იღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, აწარმოოს მონიტორინგი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით და საზოგადოებას გააცნოს მიღებული შედეგები. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციას, უმოკლეს ვადებში გაასაჯაროონ მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და, ზოგადად, საქმიანობის ანგარიშები. ასევე, ვაცხადებთ ტექნიკური ხასიათის მიზეზების გასაქარწყლებლად, რომ გარდა საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, აფბა შემოსავლების სამსახურის საქველმოქმედო ფონდების რეესტრში არსებულ თითოეულ ფონდს საკუთარ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე მიმართავს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნით. ასევე აფბა, საკუთარი რესურსების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე, უზრუნველყოფს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის ანგარიშების გასაჯაროებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები გააცნობიერებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული საკითხის ირგვლივ და, შესაბამისად, ინტერაქტიულ რეჟიმში ითანამშრომლებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


სხვა სიახლეები