• Ƀ/$

ბრიტანელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს ნისლიანი ალბიონის ბაზრისთვის საინტერესოდ მიიჩნევს

29 სექტემბერი 11:58, 2017 წელი | კომპანიები

ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის განცხადებით, ქართული ღვინო "ყველაზე ამაღელვებელია" მთელ მსოფლიოში და ბრიტანული ბაზრისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

აღნიშნული განცხადება ღვინის მაგისტრმა საქართველოში ბრიტანელ სომელიეებთან და ჟურნალისტებთან ერთად ორგანიზებულ ღვინის ტურზე გააკეთა. ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები კახეთში ღვინის მარნებსა და კომპანიებს ესტუმრნენ.


„ჩვენ მართლაც ფანტასტიკური და ამაღელვებელი მოგზაურობა გვქონდა. გვინდოდა, ქართული ღვინო გვენახა ყველა ასპექტში, მისი განვითარება, არსებობა და პოტენციალი. ჩვენ შევხვდით ღვინის მცირე მეწარმეებს, რომლებიც ვენახებში და ქვევრებთან მუშაობდნენ, ასევე, ვნახეთ შედარებით დიდი ღვინის საწარმოები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის ქართული ღვინოები მზადდება, ვიხილეთ გამოცდილი მწარმოებლებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ყოველივე ეს ჩვენთვის და ბრიტანეთის ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა, მათთვის მეჩვენებინა ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, რომ ეგრძნოთ მისი ენერგია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ყველაზე ამაღელვებელია მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა სარა ებოტმა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ბრიტანელი ღვინის ექსპერტების ვიზიტი ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების შესაძლებლობას გაზრდის.


„საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group“ შეარჩა. ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა", – განაცხადა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.


ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.


კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.


ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ღვინის მწერლები - Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters.


სხვა სიახლეები