ბანკის ცნობით, აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ „European Financial Group B.V.“-მ (შემდგომში „EFG“) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
როგორც "ლიბერთი ბანკში" განმარტავენ, გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ.
"მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნესსექტორისა და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა. ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდისა და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის", - ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.